კორპორაციული მართვის სტანდარტები
ეფექტური და ჯანსაღი კორპორაციული მართვა მიკრობანკებში ხელს უწყობს საბანკო სექტორის და ზოგადად, ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებასა და მდგრადობას. საქართველოში მოქმედი მიკრობანკებისათვის კორპორაციული მართვის მოთხოვნები დაწესებულია "მიკრობანკების კორპორაციული მართვის კოდექსის” საფუძველზე.
კორპორაციული მართვის კოდექსი ეფუძნება ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას, როგორებიცაა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის 2013/36/EU დირექტივის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), დიდი ბრიტანეთის საფონდო ბირჟისა და სხვა მოწინავე კორპორაციული მართვის სტანდარტები და პრინციპები.
კორპორაციული მართვის კოდექსი არეგულირებს სამეთვალყურეო საბჭოსთან და მასთან არსებულ კომიტეტებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამეთვალყურეოს საბჭოს წევრთა გენდერული ბალანსი, წევრთა რაოდენობა, მათი დამოუკიდებლობა, კვალიფიკაცია, პასუხისმგებლობა და უფლებამოსილების დელეგირება, ასევე დირექტორატის შემადგენლობასა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის ფუნქციებს.
კორპორაციული მართვის კოდექსით განსაზღვრულია ანაზღაურების პრინციპები მატერიალური რისკის ამღები პირებისათვის, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორებისათვის.
კორპორაციული მართვის მთლიანი სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილს წარმოადგენს „საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსი“. ეთიკის კოდექსი მიზნად ისახავს საბანკო სექტორში ეთიკისა და საბანკო პროფესიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორისა და ბანკირის პროფესიის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
"საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსი", მოიცავს ეთიკის პრინციპებსა და პროფესიული ქცევის სტანდარტებს, რომლებიც შემდეგ საკითხებს აწესრიგებს: პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება ფინანსურ ბაზარზე და საბანკო სექტორში, ვალდებულებები მომხმარებლების და დამსაქმებლის მიმართ, პროფესიული საქმიანობის პრინციპები, ინტერესთა კონფლიქტი და კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალ პირთა პასუხისმგებლობა. კოდექსი დეტალურად გაწერს მიკრობანკების ვალდებულებებს ეთიკის მოთხოვნათა შესრულების მიზნებისთვის, მათ შორის დარღვევის ფაქტების იდენტიფიკაციის, გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების პროცედურების საკითხებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.
თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.