საქართველოს ეროვნული ბანკი ბაგრატ III-ისა და ფარნავაზ I-ის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ბაგრატ III-ისა და ფარნავაზ I-ის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

25 აგვისტო, 2023

"საქართველოს მეფეების" საკოლექციო მონეტების სერიისათვის შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის. სერია ხაზს უსვამს ქვეყნის სოციო-პოლიტიკურ, თუ ისტორიულ კონტექსტს და იმ გამორჩეულ ეტაპებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის განვითარების ხაზი.

2020 წლიდან დღემდე "საქართველოს მეფეების" სერიის ფარგლებში გამოშვებული საკოლექციო ოქროს და ვერცხლის მონეტები მიეძღვნა ერეკლე მეორეს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, ვახტანგ გორგასალსა და გიორგი ბრწყინვალეს. ამჯერად კი ეროვნული ბანკი უშვებს ოქროს და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს მეფე ბაგრატ მესამისა და მეფე ფარნავაზ პირველის თემებზე, რითაც აღნიშნული სერია სრულდება.

ბაგრატ მესამე

ბაგრატ მესამე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფეა, სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს ფეოდალური მონარქიის გაერთიანება და განვითარებული შუა საუკუნეების ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.


ფარნავაზ პირველი

მეფე ფარნავაზ I საქართველოს ისტორიაში ასევე გამორჩეული ღვაწლის მქონე მონარქია, სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ სახელმწიფოს, შეძლო რა მცხეთის განთავისუფლება დამპყრობლებისაგან, შემდეგ კი შემოიერთა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიები.


ორივე ზემოხსენებულ თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მქონე ოქროსა და ვერცხლის მონეტების რეალიზაცია დაიწყება ერთდროულად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ორივე თემისათვის 1 ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასი 1,470 ლარია, ხოლო ვერცხლის მონეტის -100 ლარი.  

  • 2023 წლის 31 აგვისტოდან დაიწყება წინასწარ შეკვეთილი მონეტების გაცემა:

    • საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00); და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10, ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00) დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე;


    • საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურისა და მათი მიწოდების (დაზღვევის ჩათვლით) ღირებულების გადახდით; შეკვეთის დასრულებისა და მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: https://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=384

მომხმარებლებს, რომელთაც წინასწარ შეუკვეთეს მონეტა, მონეტების მიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ მათ ელ. ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებაში.

  • 2023 წლის 14 სექტემბრიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში. მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა, მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.

 


მონეტების დიზაინი და აღწერილობა



მონეტის ავერსის
მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ბაგრატ მესამეს ფიგურა ეკლესიის მოდელით ხელში, რომლის გამოსახულება შემორჩენილია ბედიის ტაძარში. მარცხენა ნაწილში გამოსახულია ბედიის ბარძიმი, რომელიც მეფე ბაგრატ მესამემ და მისმა დედამ გურანდუხტ დედოფალმა მათ მიერ აგებულ ბედიის ტაძარს შესწირეს (ვერცხლის მონეტაზე აღნიშნული დეტალი მოოქროვილია). მეფის სამოსზე გამოყენებულია XI საუკუნის ქართული ქსოვილის ნიმუშები. ასევე, გამოსახულია ძვირფასი თვლები, ყველა თვალზე საჭედურებით. ავერსზე, ასევე, დატანილია წარწერა "ბაგრატ მესამე" და მისი მეფობის წლები - "975 – 1014".


მონეტის რევერსის
მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ბაგრატ მესამეს გვირგვინის გამოსახულება, რომელიც აღებულია ბედიის ტაძრის ფრესკიდან. რევერსზე დატანილია წელი - "2023", ხოლო წრიულად - წარწერები: "5 ლარი", "საქართველო", "GEORGIA", რომელთა შორის გამოსახულია ბედიის ტაძრის ორნამენტები.

 

ოქროს მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი

შემადგენლობა: Au 900

წონა: 8.5 გ

დიამეტრი: 25 მმ

წიბო: გლუვი

ხარისხი: პრუფი

მოჭრის რაოდენობა: 700 ცალი

გამოშვების წელი: 2023

ვერცხლის მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი

შემადგენლობა: Ag 925

წონა: 17 გ

დიამეტრი: 34 მმ

წიბო: გლუვი

ხარისხი: პრუფი

მოჭრის რაოდენობა: 4500 ცალი

გამოშვების წელი: 2023

დიზაინერები: მარიამ ჩაჩანიძე, შორენა ჩაჩანიძე
მონეტები მოჭრილია პოლონეთის ზარაფხანაში Mennica Polska

 

          

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ფარნავაზ პირველის გამოსახულება გრაგნილით (ვერცხლის მონეტაზე ეს დეტალი მოოქროვილია) ხელში და მეფის სახელწოდების აღმნიშვნელი ასომთავრული წარწერით, რომელიც აღებულია მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილის მიერ შექმნილი ბარელიეფიდან. ავერსზე, ასევე, დატანილია წარწერა "ფარნავაზ I", მისი მეფობის ეპოქა - "ძვ.წ. IV-III სს" და ნაწყვეტი "ქართლის ცხოვრებიდან" ფარნავაზ პირველის შესახებ: "ამან შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული", რომელთა შორის გამოსახულია ქართული ხელნაწერის ორნამენტის ფრაგმენტი.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფარნავაზ პირველის ანბანის გამოსახულებით შექმნილი გვირგვინი. რევერსზე დატანილია ნომინალი "5 ლარი", ხოლო წრიულად - წარწერები: "საქართველო",  "GEORGIA", "2023".

ოქროს მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი

შემადგენლობა: Au 900

წონა: 8.5 გ

დიამეტრი: 25 მმ

წიბო: გლუვი

ხარისხი: პრუფი

მოჭრის რაოდენობა: 700 ცალი

გამოშვების წელი: 2023

ვერცხლის მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი

შემადგენლობა: Ag 925

წონა: 17 გ

დიამეტრი: 34 მმ

წიბო: გლუვი

ხარისხი: პრუფი

მოჭრის რაოდენობა: 4500 ცალი

გამოშვების წელი: 2023

დიზაინერები: მარიამ რუსიშვილი (ავერსი), გიორგი (გენადი) გეგელია (რევერსი)

მონეტები მოჭრილია პოლონეთის ზარაფხანაში Mennica Polska

სხვა სიახლეები