ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას 6 ივლისიდან დაიწყებს

ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას 6 ივლისიდან დაიწყებს

06 ივლისი, 2021
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო. კონსტიტუციით აღიარეს, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი, განუყოფელი სახელმწიფოა და პოლიტიკური წყობილების მუდმივი - უცვლელი ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა. განისაზღვრა, რომ საქართველოს დედაქალაქი არის ტფილისი, სახელმწიფო ენა კი ქართული.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია განამტკიცებდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ადგენდა, რომ ყველა მოქალაქე თანასწორი იყო როგორც სქესის, ისე პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებით. გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებდა ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. საქართველოს პირველი კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო იმ დროისათვის. კონსტიტუცია აღიარებდა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა - თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით და სწორედ კონსტიტუცია უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.

საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის დიზაინი გიორგი აფხაზავასა და მაია ძიძიგურის მიერ ერთობლივად მომზადდა. მონეტა სლოვაკეთის ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა 2021 წლის 6 ივლისს, 16:00 საათიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით - www.MoneyMuseum.nbg.gov.ge, ხოლო 9 ივლისიდან, ასევე - საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმშიც (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) იქნება შესაძლებელი.

მონეტების მეტი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით, პროდუქცია 2021 წლის 6 ივლისიდან, 15 დღის განმავლობაში, ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთი მონეტის შეძენა შეეძლება (შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად).



მონეტის ავერსის ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია მთავარი კომპოზიცია, ურთიერთგადაჯაჭვული ასოები "ს", "დ", "რ", რაც წარმოადგენს 1921 წელს ქვეყნის სრული დასახელების (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) შემადგენელი სიტყვების ინიციალების ერთობლიობას. კომპოზიციის ქვეშ განთავსებულია 1921 წელს გამოქვეყნებული კონსტიტუციის 1-ლი გამოცემის პირველ და ბოლო გვერდებზე არსებული ორნამენტის ანალოგი, ავერსის კანტზე წრიულად დატანილია წარწერები "GEORGIAN CONSTITUTION", "საქართველო". "GEORGIA", "საქართველოს კონსტიტუცია", "1921-2021".

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს რომბის ფიგურის სახით წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლიდან ამოღებული მნიშვნელოვანი სიტყვები და ფრაზები. რევერსზე, ასევე, დატანილია წარწერა "5 ლარი".

მონეტის მახასიათებლები:
ნომინალი:
 5 ლარი

შემადგენლობა:
 Ag 925

წონა:
 15.5 გ

დიამეტრი: 
33 მმ

წიბო:
 გლუვი

ხარისხი:
 პრუფი

მოჭრის რაოდენობა:
 1500 ცალი

გამოშვების წელი:
 2021

საერთაშორისო პრაქტიკაში, ცენტრალური ბანკების მიერ საკოლექციო მონეტების გამოშვების ერთ-ერთ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ კოლექციონერები და ნუმიზმატები, რომელთა ძირითადი ინტერესი, სწორედ რომ, ასეთი სახის მონეტების ლიმიტირებული ოდენობიდან გამომდინარეობს.

როგორც ცნობილია, საკოლექციო მონეტები ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღსა და ღირსშესანიშნავ მოვლენებს ეძღვნება. მათი გამოშვების ოდენობა ლიმიტირებულია ყოველი ცალკეული მახასიათებლების მქონე მონეტისათვის. საკოლექციო მონეტების გამოშვების ოდენობის განსაზღვრა ხდება შესაბამისი თემატიკის, ასევე, ქვეყნის თავისებურებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.





ონლაინ მაღაზიაში შეკვეთის განთავსების ინსტრუქცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

 

 

სხვა სიახლეები