ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას 27 ივლისიდან დაიწყებს
კლიმატის ცვლილება და გარემოზე ზრუნვა დღეს გლობალური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
დედამიწა რეალურად დგას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების წინაშე და აღნიშნული პრობლემის დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დედამიწის დღეს მსოფლიო ყოველწლიურად, გარემოს დაცვის მნიშვნელობის ხაზგასასმელად და მხარდასაჭერად აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში იმართება აქტივობები, რომელთა მიზანი გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსახლეობის ჩართულობა და მოხალისეობის ხელშეწყობაა.
ფინანსური სისტემა გარემოსდაცვით და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ეროვნულმა ბანკმა მდგრადი განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და გარემოსდაცვითი საკითხების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.
სწორედ დედამიწის დღესთან დაკავშირებით და აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების ხაზგასასმელად, ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვა.
საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის დიზაინი იაპონიის ზარაფხანის სახელით ონუკი ნაოჰიკოს მიერ მომზადდა. მონეტა სლოვაკეთის ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 100 ლარია და მისი შეძენა 2021 წლის 27 ივლისის 10:00 საათიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით -https://moneymuseum.nbg.gov.ge, ხოლო 30 ივლისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმშიც (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) იქნება შესაძლებელი.
2021 წლის 27 ივლისიდან 15 დღის განმავლობაში პროდუქცია ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთი მომხმარებელი მხოლოდ ერთი მონეტის შეძენას შეძლებს (შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად), რათა მონეტა დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური რაოდენობისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ცენტრალურ ნაწილში განთავსებული გამოსახულებების ერთობლიობა, რაც მოიცავს დედამიწის ნახევარსფეროს მოხაზულობაში განთავსებულ ქართულ ორნამენტებს, ყლორტს მწვანე ფოთლებით, ადამიანებისა და ცხოველის სილუეტს და წარწერას "Earth Day". დატანილია, ასევე, წარწერები "5 ლარი" და "2021". წრიულ რკალზე გამოსახულია ქართული ორნამენტები და წარწერები "Georgia" და "საქართველო".
მონეტის მახასიათებლები:
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 15.5 გ
დიამეტრი: 33 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი
გამოშვების წელი: 2021
26 ივლისი, 2021
ფოტოგალერეა
3