საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2004 წლის ანგარიში მოისმინა
18 მაისი, 2005
საქართველოს პარლამენტმა 18 მაისს მოისმინა ეროვნული ბანკის მიერ 2004 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ წარადგინა.გოცირიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის გასული წლის მუშაობა ხასიათდება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ტენდენციებით. კერძოდ, ერთ-ერთ სერიოზულ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი რყევა გასული წლის ზაფხულში, როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში მოხდა აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის 36 პუნქტით გამყარება. ამგვარ სიტუაციაში რთულია პროგნოზების გაკეთება ეკონომიკის განვითარების კუთხით. ეს ეროვნული ბანკის შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან შესაძლებელი იყო მისი თავიდან აცილება სათანადო ბერკეტების ადეკვატური გამოყენებით. რომან გოცირიძემ ისაუბრა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიზნებზე, რაც გამოიხატებოდა ფასებისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფით. 2004 წლის მანძილზე საფინანსო წლის ძირითადმა ინდიკატორმა – ინფლაციამ, ნაცვლად დაგეგმილი 5-6%-ისა, 7.5% შეადგინა, თუმცა აღნიშნული პარამეტრის ზრდა ამ ფარგლებში შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს. გოცირიძის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საბანკო სისტემით უცხოური კაპიტალის დაინტერესება – გაიზარდა საბანკო სფეროში უცხოური ინვესტიციების ნაკადი. ასევე აღინიშნებოდა საბანკო სისტემის აქტივებისა და დეპოზიტების მნიშვნელოვანი ზრდა. უცხოური ვალუტის რეზერვები გაიზარდა და მიაღწია ორი თვის იმპორტის ეკვივალენტს. 2004 წელს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვიდან მიღებულმა შემოსავალმა 7.9 მლნ ლარი შეადგინა. რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს რეზერვებისა და მათი მართვის ეფექტურობის ზრდის კვალობაზე ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ფულადი ბაზის ზომიერი ზრდის მიღწევა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ვინაიდან, სარეზერვო ფული მიმოქცევაში, დაახლოებით, 44%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციური ზეწოლის საკმაო საფრთხეს შეიცავდა და ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა განაპირობა. თუმცა, სექტემბრიდან მდგომარეობა გამოსწორდა. რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო ბაზარზე შექმნილი ახალი რეალობისა და ჭარბი უცხოური ვალუტის შემოდინების მიუხედავად, გააგრძელებს საქმიანობას ლარის გაცვლითი კურსის სიმყარისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. პრივატიზაციიდან შემოსული თანხების წყალობით გაზრდილი ფულის მასის მართვა საკმაოდ ძნელია, თუმცა მთავრობასთან კოორდინირებული საქმიანობით შესაძლებელია საფინანსო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა. პარლამენტარ ირაკლი იაშვილის შეკითხვას, შესაძლოა თუ არა კომერციული ბანკების სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რომან გოცირიძემ დადებითად უპასუხა და განმარტა, რომ აღნიშნული დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ, კომერციული ბანკების ხარჯების შემცირებაზე, მათი კაპიტალის ზრდაზე, სავალდებულო რეზერვების გონივრულ მართვაზე. მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკში ხელმძღვანელობა შეიცვალა, საკრედიტო რესურსებისა და სახაზინო ვალდებულებების აუქციონებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია უკვე დაფიქსირდა. ასე რომ, ამ ბაზარზე რეალურად ყალიბდება საბაზრო მოთხოვნა-მიწოდებით განპირობებული განაკვეთები. ამ მხრივ, კიდევ ერთი სტიმული იქნება დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემუშავება, რომელზეც ეროვნული ბანკი გერმანელი ექსპერტების დახმარებით მუშაობს და რომელიც ანაბრების რისკის დააზღვევას უზრუნველყოფს.