საერთაშორისო სავალუტო ფონდში კვოტების საკითხის პრიორიტეტულობა მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილმა რეალობამ გამოიწვია
26 სექტემბერი, 2006
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სინგაპურის სამიტის ყველაზე აქტუალური საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდში მისი წევრი-სახელმწიფოების კვოტების გადანაწილება იყო. კვოტები, ანუ ქვეყნების წილი ფონდში, განსაზღვრავს მათი ხმის უფლებას სავალუტო ფონდში, რომელიც 184 წევრი-სახელმწიფოსგან შედგება. კვოტა ასევე განსაზღვრავს კონკრეტული ქვეყნის შენატანებს ფონდში. სინგაპურის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, ჩინეთს, მექსიკას, სამხრეთ კორეასა და თურქეთს სავალუტო ფონდში კვოტები გაეზარდათ.
„აღნიშნული საკითხის პრიორიტეტულობა მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილმა რეალობამ გამოიწვია. ის ოთხი ქვეყანა, რომელთა კვოტებიც გაიზარდა სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბაზრებზე ეკონომიკური აქტივობით უდავოდ გამოირჩევა. თუმცა, სავალუტო ფონდში დაწყებული რეფორმირების პროცესის ფარგლებში, სულ ცოტა, გაორმაგდება ყველა ქვეყნის საბაზო კვოტა მათი ეკონომიკური სიძლიერის განუსაზღვრელად. ამის მიზანია ყველაზე ღარიბი ქვეყნებისათვის ხმის მიცემის უფლების შენარჩუნება“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ, რომელიც მონაწილეობდა სინგაპურში გამართულ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წლიურ შეხვედრაზე.
სავალუტო ფონდში კვოტების გაზრდას ითხოვდნენ ის ქვეყნები, რომლებმაც მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს ეკონომიკურ განვითარებაში, მაგრამ სინგაპურის სამიტზე კვოტა მხოლოდ ოთხ ქვეყანას გაუზარდეს. ფონდის დანარჩენი წევრი-სახელმწიფოების საკითხი ორი წლის მანძილზე უნდა გადაწყდეს. სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებით, ჩინეთს კვოტა გაეზარდა 2.98 პროცენტიდან 3.72 პროცენტამდე, მექსიკას – 1.21 პროცენტიდან 1.45 პროცენტამდე, სამხრეთ კორეას – 0.77 პროცენტიდან 1.35 პროცენტამდე, თურქეთს – 0.45 პროცენტიდან 0.55 პროცენტამდე. ამ ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდა 23 ქვეყნისაგან შემდგარი ჯგუფი. მათ შორისაა, არგენტინა, ბრაზილია, ინდოეთი, ინდონეზია, ფილიპინები, ეგვიპტე, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა.
სავალუტო ფონდში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად განვითარებადი ქვეყნების, განსაკუთრებით კი „23 ქვეყნის ჯგუფის“ მხრიდან ზეწოლა განიხილება. მათი აზრით, კვოტების არსებული სისტემა სავალუტო ფონდის წევრი მდიდარი ქვეყნების ინტერესების დაცვის მექანიზმია. ამ ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ განვითარებადი ქვეყნების კვოტები არ ასახავს მათ ეკონომიკურ წარმატებებს. მაგალითად, ბელგიას, რომელსაც მექსიკაზე ორჯერ მეტი ხმა გააჩნია ფონდში, აქვს მოცულობით ორჯერ ნაკლები ეკონომიკა, ვიდრე მექსიკას. „დიდი შვიდეულის“ კვოტა კი ხმის მიცემის სისტემაში 45 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განსახვავებული მოსაზრება არსებობს განვითარებულ ქვეყნებს შორისაც. ასე, მაგალითად, აშშ თვლის, რომ კვოტების საფუძველში უნდა იდოს მშპ-ის მოცულობა. ეს აშშ-ს უპირატესობას აძლევს, ევროპის ქვეყნები კი ამის წინააღმდეგ გამოდიან. მათი აზრით, კვოტების გაანგარიშების ფორმატში, მშპ-ის გარდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა ღია ეკონომიკა, გამჭვირვალობა, ქვეყნის როლი მსოფლიო საფინანსო სისტემაში, ანუ ის საკითხები, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის საწესდებო ამოცანებს შეესაბამება.
სინგაპურის სამიტზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ პოლ ვულფოვეცის ანტიკორუფციულმა პროგრამამ, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური განვითარება და ზრდა შეუძლებელია კორუფციის დაძლევის გარეშე. განვითარებადი ქვეყნები კი ამტკიცებენ, რომ ბანკის ძირითადი მიზანია არა კორუფციასთან ბრძოლა, რაც მნიშვნელოვანია, არამედ სიღარიბის დაძლევა. გარდა ამისა, სამიტზე განიხილებოდა სხვა პრობლემებიც, როგორიცაა სავაჭრო მოლაპარაკებები და საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული პროტექციონიზმი, საბაჟო ბარიერები და სუბსიდიები, გლობალური დისბალანსები (რომელთა ფორმულაში მოიაზრება აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი და სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან ვაჭრობაში, ჩინეთის ვალუტის კურსის ხელოვნურად დაწევა ჩინეთის მთავრობის პოლიტიკის გამო და ა. შ.), მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპები და სხვ.