2007 წლის იანვარ-ივნისში უცხოეთიდან გადმორიცხული სწრაფი ფულადი გზავნილები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61 პროცენტით გაიზარდა

2007 წლის იანვარ-ივნისში უცხოეთიდან გადმორიცხული სწრაფი ფულადი გზავნილები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61 პროცენტით გაიზარდა

13 ივლისი, 2007
2007 წლის იანვარ-ივნისში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების („ვესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“, „ანელიკი“, „კავკასუს ექსპრესი“ და სხვ.) საშუალებით 353 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ეს მონაცემი 2006 წლის იანვარ-ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელს 134 მლნ აშშ დოლარით (61 პროცენტით) აღემატება.   2007 წლის ივნისში საბანკო არხებით უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობამ 64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (44 მლნ აშშ დოლარი) 45 პროცენტით მეტია.   ფულადი გზავნილების გეოგრაფიული სტრუქტურის მიხედვით, 2007 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი, 222 მლნ აშშ დოლარი (გადმორიცხული მთლიანი თანხის  63 პროცენტი), რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, 48 მლნ აშშ დოლარი (14 პროცენტი) – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 11 მლნ აშშ დოლარი (3 პროცენტი) – ავსტრიიდან, 10.5 მლნ აშშ დოლარი (2.9 პროცენტი) – ესპანეთიდან, 8.9 მლნ აშშ დოლარი (2.5 პროცენტი) – საბერძნეთიდან, 8.6 მლნ აშშ დოლარი (2.4 პროცენტი) – უკრაინიდან და 7.3 მლნ აშშ დოლარი (2.1 პროცენტი) – თურქეთიდან.   2006 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდში 75 მლნ აშშ დოლარით (51 პროცენტით) გაიზარდა რუსეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების ოდენობა.    2007 წლის I ნახევარში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით საქართველოდან უცხოეთში გადარიცხულია 44 მლნ აშშ დოლარი, რაც 22 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2006 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხების დიდი წილი – 22 მლნ აშშ დოლარი (გადარიცხული მთლიანი თანხის მოცულობის 50.5 პროცენტი), რუსეთზე მოდის, მეორე პოზიციაზეა უკრაინა, სადაც 5.3 მლნ აშშ დოლარი (12.2 პროცენტი) გადაიგზავნა, შემდეგ ადგილებზეა: თურქეთი – 2 მლნ აშშ დოლარით (4.5 პროცენტი), აზერბაიჯანი – 1.9 მლნ აშშ დოლარისა (4.3 პროცენტი) და გერმანია - 1.2 მლნ აშშ დოლარის (2.7 პროცენტი) ფულადი გზავნილებით.
სხვა სიახლეები