2005 წელს საქართველოში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებელი დსთ-ის მთელ რიგ ქვეყნებთან შედარებით უპრეცენდენტოა
06 იანვარი, 2006
ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 7%-ზე ნაკლები იყო და მან 6,2% შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის გამო მრავალმა, მათ შორის, განვითარებულმა ქვეყნებმა, ფასების დაგეგმილზე მეტი ოდენობით მატება ვერ შეაჩერეს.
საქართველოში 2005 წლის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად სამომხმარებლო ფასების ზრდის დაბალი ტემპი წარმოადგენდა. 2005 წელს მონეტარული ბაზა 2004 წელს დაფიქსირებული 44%-იანი ზრდის ფონზე, უმნიშვნელოდ მხოლოდ 19.7%-ით გაიზარდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით გათვალისწინებულ მიზნობრივ პარამეტრზე 6%-ითაც კი ნაკლებია. ფულის მასის ზრდაზე კონტროლის დამყარება კოორდინირებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შედეგია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის შეფასებით, “ინფლაციის ზრდის ტემპის შეჩერება, ძირითადად, ფულის მასის ოპტიმალური ოდენობით მატებამ და ლარის გაცვლის კურსის სტაბილურობამ განაპირობა. 2002 წლიდან 2004 წლის ჩათვლით ინფლაცია აღმავალი ტემპებით ხასიათდებოდა. 1999 წლის შემდეგ 2004 წელს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან 7.5% შეადგინა. 2002 წლიდან დაწყებული ზრდადი ტენდენციის შეჩერება 2005 წელს მოხერხდა, რის შედეგადაც წლიურმა ინფლაციამ მხოლოდ 6,2% შეადგინა. აღნიშნული პარამეტრი დაბალია დსთ-ის მთელი რიგი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, რაც მეტად საგულისხმოა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და შაქრის ფასების საგრძნობი ზრდისა და შიდა ბაზარზე არსებული ზეწოლების კონტექსტში. საქართველოში ფასების ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ასევე იყო აქციზურ საქონელზე საგადასახადო განაკვეთების მატება. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელებზე.”
აღსანიშნავია, რომ დსთ-ის სხვა სახელმწიფოებში სამომხმარებლო ფასების ზრდა 2005 წელს ორციფრიანი მაჩვენებლებით ხასიათდებოდა. კერძოდ, ორციფრიანი ინფლაცია დაფიქსირდა რუსეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, მოლდოვაში და ბელარუსში. ასევე პროგნოზირებულზე მაღალია ინფლაცია ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში, მათ შორის აშშ-შიც. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, “ინფლაციის მაღალ დონესა და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას შორის მჭიდრო უარყოფითი კავშირი არსებობს. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში მაღალი და ზრდადი ინფლაციის ტენდენციის შეჩერება ძალზე რთულია.”
2006 წლისათვის საქართველოში ინფლაციის პროგნოზული მაჩვენებელი დაახლოებით 5-6%-ს შეადგენს.