200 ლარი ერთ-ერთი ყველაზე დაცული ფულის ნიშანია მსოფლიოში

200 ლარი ერთ-ერთი ყველაზე დაცული ფულის ნიშანია მსოფლიოში

31 მარტი, 2007
საქართველოს ეროვნულ ბანკში 200-ლარიანი ბანკნოტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, გერმანული კომპანია „გიზეკე უნდ დევრიენტის“ აღმასრულებელი დირექტორი ვალტერ შლებუში, კომპანიის რეალიზაციის რეგიონული დირექტორი დიტმარ რაიხელი   და ახალი ბანკნოტის დიზაინის ავტორები ნოდარ და ბაჩანა მალაზონიები.   ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო  (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი. ფონად გასდევს ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები. უკანა მხარეს კი გამოსახულია სოხუმის ხედი და აფხაზეთში, სოფელ წებელდაში  აღმოჩენილი რელიეფური გამოსახულების ფრაგმენტი. ბანკნოტზე იკითხება წარწერები ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე  ,,ორასი ლარი“, ,,სოხუმი აფხაზეთი“.   „ფულის ნიშანზე დატანილი მხატვრული დეტალი  ემიტენტი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური გარდაქმნების, ეპოქის სულისკვეთების, საზოგადოებრივი განწყობის, მიზნებისა და ოცნებების მაუწყებელია. 200-ლარიანი ბანკნოტის ერთ მხარეზე დატანილია ქალაქ სოხუმის ხედი, ხოლო მეორეზე – საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი. ეს თემატიკა აერთიებს საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. იგი სიმბოლოა ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისა,“ – განაცხადა  პრეზენტაციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   მისი თქმით, „შემთხვევითი არ არის, რომ ახალ 200-ლარიანზე გამოსახულია ქართველი და აფხაზი ხალხებისათვის ერთნაირად ძვირფასი აფხაზეთი. ქართველებსა და აფხაზებს საერთო კულტურული ფესვები გვაქვს. ქართული ფულის ნიშანზე აფხაზეთის ხედის დატანა იმის ნიშანია, რომ  აფხაზეთი ჩვენმა ხალხებმა ერთად უნდა აღაშენონ და იქ გვერდიგვერდ მშვიდობიანად იცხოვრონ.“ „200-ლარიანი ბანკნოტი „გიზეკე უნდ დევრიენტში“ დამზადდა და იგი ერთ-ერთი ყველაზე დაცული ფულის ნიშანია მსოფლიოში. 200-ლარიანზე დატანილია ფულის დამცავი ნიშნების რამდენიმე ექსკლუზიური ტექნოლოგიური სიახლე, რაც დღეისათვის მას მსოფლიოში გამორჩეულ  ბანკნოტად აქცევს,“ – აღნიშნა „გიზეკე უნდ დევრიენტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალტერ შლებუშმა, რომელიც თბილისში სპეციალურად 200 ლარის ბანკნოტის პრეზენტაციისათვის ჩამოვიდა.    
სხვა სიახლეები