საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მიიღო უმსხვილესი რუსული ბანკის „ვითიბის“ პირველი ვიცე–პრეზიდენტი ვადიმ ლევინი, ამავე ბანკის უფროსი ვიცე–პრეზიდენტი ნიკოლაი კუზნეცოვი და „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ახალი გენერალური დირექტორი ევგენი ნემერინსკი. რუსული ბანკის წარმომადგენლები საქართველოში „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ აქციონერთა წლიურ კრებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. ცვლილებები მოხდა „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, აგრეთვე შეიცვალა ბანკის გენერალური დირექტორი. ამ პოსტზე დაინიშნა ევგენი ნემერინსკი, რომელსაც მანამდე „ვითიბის“ შვილობილი კომპანიის „ვითიბი–24“–ის ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ბანკის სამომავლო განვითარების თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიესალმა „ვითიბის“ გაქტიურებას საქართველოში და „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნას.