საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2007 წლის მარტში დაფიქსირებული 9.7- პროცენტიანი წლიური ინფლაცია აპრილში 8.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს შარშანდელი მაისის შემდეგ წლიური ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
აპრილში სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 0.3 პროცენტით გაიზარდა მარტთან შედარებით, ხოლო 2006 წლის იმავე პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდა 1.8 პროცენტს შეადგენდა.
აპრილში განსაკუთრებით გაიაფდა ბოსტნეული და ბაღჩეული (მაგ., მწვანილი – 52 პროცენტით, მხალეული – 32 პროცენტით, კიტრი – 22 პროცენტით, ბადრიჯანი – 19 პროცენტით). სავარაუდოა, რომ შარშანდელი არასახარბიელო სასოფლო-სამეურნეო წლის შემდეგ, მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები დაიწევს, რაც 2007 წლის ინფლაციის საერთო დონეზე შემცირების მიმართულებით იქონიებს გავლენას.