ფულადი გზავნილების ტენდენციები
2008 წლის მარტის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება გრძელდებოდა და მათმა მოცულობამ 80.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.1 მლნ აშშ დოლარით (31.1 პროცენტით) აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. ფულადი გზავნილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტრადიციულად რუსეთიდან დაფიქსირდა - 50.1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ანუ მთელი მოცულობის 62.3 პროცენტი. მეორე ადგილზე კვლავ აშშ-ია (5.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 6.8 პროცენტი), თუმცა ამ ქვეყნიდან შემოსულ თანხებზე ბოლო დროს დაფიქსირებული კლების ტენდენცია ფულადი ნაკადების საერთო მოცულობაში ისევ აღინიშნა.
მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა იტალიიდან (3.3 მლნ აშშ დოლარით, ანუ 13.3-ჯერ), უკრაინიდან (3.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 2.7-ჯერ) და საბერძნეთიდან (1.9 მლნ აშშ დოლარით, ანუ 2.0-ჯერ).
საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით უმსხვილესი დონორი ქვეყნების შვიდეულზე (იხ. ცხრილი) მთელი გადმორიცხული თანხის 89.0 პროცენტი მოდის:
|
ფულადი გზავნილების მოცულობა 2008 წლის მარტში, მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% |
|
2007 წლის მარტი |
2008 წლის მარტი |
||
სულ |
80.4 |
100.0 |
100.0 |
რუსეთი |
50.1 |
61.5 |
62.3 |
აშშ |
5.5 |
16.1 |
6.8 |
უკრაინა |
5.1 |
3.1 |
6.3 |
საბერძნეთი |
3.7 |
3.0 |
4.6 |
იტალია |
3.6 |
0.4 |
4.5 |
ესპანეთი |
2.0 |
2.9 |
2.5 |
თურქეთი |
1.6 |
2.4 |
2.0 |
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.1 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, ანუ 1.4 მლნ აშშ დოლარით (21 პროცენტით) მეტი, ვიდრე 2007 წლის შესაბამის პერიოდში. გაიზარდა ფულადი გადარიცხვების მოცულობა საქართველოდან რუსეთში (0.8 მლნ აშშ დოლარით მეტი) და ამ მაჩვენებელმა 4.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ასევე უკრაინაში გადაირიცხა 1.0 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხა (შესაბამისად, 0.4 მლნ აშშ დოლარით მეტი).
სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის ყველაზე პოპულარობით Western Union-ი (გზავნილების საერთო მოცულობის 16.9 პროცენტი) და Anelik-ი (შესაბამისად, 16.3 პროცენტი) სარგებლობს; აგრეთვე ხშირად მიმართავს მოსახლეობა Contact-ს (14.6 პროცენტი), Unistrim-სა (9.6 პროცენტი) და Money Gramy -ს (6.2 პროცენტი) სერვის-მომსახურებისათვის.
უკანასკნელ პერიოდში მოსახლეობის მხრიდან ყველაზე უფრო ხშირად ისმის კითხვა - რა გავლენას ახდენს ლარის კურსის გამყარება აშშ დოლარის მიმართ საზოგადოების იმ ნაწილის შემოსავლებზე, ვინც უცხოეთიდან იღებს ფულად გზავნილებებს?
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ფულადი გზავნილების სტატისტიკის გაანგარიშება ხდება აშშ დოლარით, რადგან სტატისტიკურად აღრიცხვა აშშ დოლარით წარმოებს, მაგრამ ჩარიცხვების უმეტესობა არ არის დენომინირებული აშშ დოლარში. 2007 წლის მონაცემებით, სწრაფი ფულადი გზავნილების მხოლოდ 17% მოდიოდა აშშ დოლარზე, 62% - რუსულ რუბლზე, 8% - ევროზე, 2% - თურქულ ლირაზე და ა. შ. მეორე - გაუგებრობას იწვევს ფაქტი, რომ სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემათა ის ოპერატორები, რომელთა ფულადი გზავნილის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანაში, აშშ დოლარს იყენებს როგორც ტრანზაქციულ ვალუტას. ე. ი. თუ ვინმე აგზავნის საფრაგეთიდან, დავუშვათ, 100 ევროს, ხდება მისი კონვერტაცია აშშ დოლარში და საქართველოში ადრესატი იღებს 158 აშშ დოლარს. ანუ თუ ამ თანხას გადავიყვანთ ლარში, საფრაგეთიდან გამოგზავნილი 100 ევრო იქნება 230 ლარის ეკვივალენტი, ისე როგორც წინა პერიოდში. შესაბამისად, აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ცვლილება გავლენას არ ახდენს ევროზონიდან გამოგზავნილ თანხებზე, თუ იმავდროულად იცვლება აშშ დოლარისა და ევროს კურსი, როგორც მოხდა ბოლო პერიოდში. ანალოგიურია ვითარება რუსული რუბლისა და სხვა ვალუტების მიმართაც.
მთლიანად რომ შევაფასოთ გაცვლითი კურსის გავლენა ფულად გზავნილებზე, შეგვიძლია დავითვალოთ ნომინალური ეფექტური კურსი, სადაც წონებად გამოვიყენებთ საქართველოში ფულადი გზავნილების სავალუტო კომპოზიციას.
გაცვლის კურსი გარკვეულწილად გამყარდა 2004 წელს, თუმცა, მას შემდეგ იგი სტაბილურია და ეროვნული ვალუტის გამყარება მთლიანობაში არ ახდენს გავლენას ფულად ბაზარზე. შემცირდა აშშ-დან გადმორიცხულ თანხებში აშშ დოლარის მოცულობა გამოხატული ლარით. აღსანიშნავია, რომ კურსის ცვალებადობა მსოფლიო ბაზარზე, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში, თავისთავად ნორმალური მოვლენაა. მართალია, აშშ დოლარის კურსი გაუფასურდა სხვა ვალუტების მიმართ, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდებოდა, რასაც შრომითი მიგრანტებისათვის შემოსავლების შემცირება მოჰყვებოდა და შესაბამისად, შეიზღუდებოდა საქართველოში ფულადი გზავნილების განხორცილების შესაძლებლობაც.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.