ფინანსური ინსტიტუტების ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია
საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვიურად აქვეყნებს ფინანსური სექტორის ინფრასტრუქტურის სტრუქტურულ მონაცემებს. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია აქამდე მოიცავდა ფინანსური ინსტიტუტების მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებლებს. ამიერიდან მომხმარებელს ეძლევა საშუალება დამატებით გაეცნოს ამ სექტორის უფრო დეტალურ მონაცემებს. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე (https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/financial_institutionsgeo.xls) ყოველთვიურად გამოქვეყნებულ ფაილს „M3.1 ფინანსური ინსტიტუტები" დაემატა ორი გვერდი - 3.1-2 და 3.1-3.
ცხრილი 3.1-2 ეხება ფინანსური სექტორის ინფრასტრუქტურას გეოგრაფიულ ჭრილში, საზღვარგარეთ განლაგებული ობიექტების ჩათვლით. მოცემულია აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებში მომუშავეთა რაოდენობა. ცხრილის მონაცემები ხელმისაწვდომია 1995 წლიდან და განახლდება ყოველწლიურად.
ცხრილი 3.1-3-ში ანალოგიურ ჭრილში მოცემულია ფინანსური კორპორაციების მთლიანი აქტივების ნაშთები შესაბამისი წლის ბოლოს მდგომარეობით. ცხრილის მონაცემები ხელმისაწვდომია 2000 წლიდან; განახლებას ექვემდებარება ასევე ყოველწლიურად.