სსფ-ის პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახ და უზბეკ კოლეგებს მონეტარული პოლიტიკის თემაზე გამოცდილება გაუზიარა
საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის (CCAMTAC) ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს.
შეხვედრაში, რომელიც მონეტარული პოლიტიკის საკითხებს მოიცავს, უზბეკეთისა და ყაზახეთის ეროვნული ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის თხოვნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრებისა და მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებას ყაზახ და უზბეკ კოლეგებს უზიარებენ.
სსფ-ის პროექტის ფარგლებში, ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი არა მხოლოდ ტექნიკური დახმარების ბენეფიციარია, არამედ პირიქით, თავად უზრუნველყოფს ამგვარ დახმარებას.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობა სებ-ისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და CCAMTAC-ის ორგანიზებული სამუშაო შეხვედრები კიდევ ერთი დასტურია ეროვნულ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობისა.
"მოხარულები ვართ, რომ ეროვნული ბანკი სსფ-ის პროექტის ფარგლებში ტექნიკური დახმარების არა მხოლოდ ბენეფიციარია, არამედ თავად უწევს ამგვარ დახმარებას სხვა ქვეყნებს. ეროვნული ბანკი მზაობას გამოთქვამს, მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ტექნიკური დახმარების სამუშაო შეხვედრებში. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებში ყაზახეთისა და უზბეკეთის ცენტრალური ბანკებიც მონაწილეობენ და ვიმედოვნებ, ერთმანეთისთვის გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეხვედრას ესწრებოდა სსფ-ის ადგილობრივი წარმომადგენელი საქართველოში, ენდრიუ ჯუველი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრი (CCAMTAC) წარმოადგენს სსფ-სა და 9 წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) ერთობლივ პროექტს. ცენტრის ძირითადი საქმიანობა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისკენაა მიმართული. ცენტრმა მუშაობა 2021 წელს ალმათიში დაიწყო და იმ რეგიონის ქვეყნებს ემსახურება, სადაც 80 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.