საქართველოს საელჩო საფრანგეთში  განაგრძობს მუშაობას რუსული კომერციული ბანკების აფხაზეთში უკანონო საქმიანობის საკითხის FATF-ში დასმის თაობაზე

საქართველოს საელჩო საფრანგეთში განაგრძობს მუშაობას რუსული კომერციული ბანკების აფხაზეთში უკანონო საქმიანობის საკითხის FATF-ში დასმის თაობაზე

07 მაისი, 2007
საქართველოს საელჩო საფრანგეთში განაგრძობს მუშაობას რუსული კომერციული ბანკების აფხაზეთში უკანონო საქმიანობის საკითხის ფინანსური ქმედებების ჯგუფის (FATF)–ის წინაშე დასმის თაობაზე. საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მამუკა კუდავას წერილში, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულმა ბანკს გაუგზავნა, ნათქვამია, რომ ფრანგული მხარე გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლების წინაშე არსებულ პრობლემას და საჭიროების შემთხვევაში მზად არის მხარი დაგვიჭიროს.   საქართველოს საელჩომ საფრანგეთში კონსულტაცია გამართა საფრანგეთის ფინანსთა, ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროს, ხაზინისა და ეკონომიკური პოლიტიკის გენერალური დირექტორატის, საერთაშორისო ფინანსური სისტემის სამსახურის უფროსთან, ბატონ კორსო ბავანიოლისთან, რომელსაც გადაეცა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ბატონ რომან გოცირიძის FATF-ის თავმჯდომარისათვის, ფრანკ სვედლოვისათვის  მიწერილი წერილის ასლი. აღნიშნულ წერილში FATF-ის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ ეცნობა რუსეთის ბანკების მიერ აფხაზეთის ე.წ. საბანკო დაწესებულებებთან უკანონო თანამშრომლობისა და FATF–ის მიერ აღნიშნული საკითხის რუსეთის საბანკო სისტემის უახლოესი შემოწმების პროგრამის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.   წერილის თანახმად, გამართული მსჯელობის შედეგად გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველომ აღნიშნული საკითხი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის (MONEYVAL)–ის სხდომაზე უნდა დააყენოს. ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, სხდომის მონაწილეებმა რუსული ბანკების აფხაზეთში უკანონო საქმიანობის საკითხის FATF–ის დონეზე განხილვის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. რაც შეეხება FATF–ში არსებულ პროცედურას, საერთაშორისო თანამშრომლობის სამეთვალყურეო ჯგუფის  (International Cooperation Review Group - ICRG) წინაშე საკითხის დასმის შემთხვევაში, დაიწყება გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ექსპერტები ჩავლენ აფხაზეთში დე–ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა და შესაბამისი ბანკების ხელმძღვანელთა დასაკითხად. ქართული მხარის მიერ წაროყენებული ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში კი, აფხაზეთს შეიტანენ FATF–ის „შავ სიაში“, რაც მის იზოლირებას გამოიწვევს. მსგავს პრეცედენტს უკვე ჰქონდა ადგილი ჩრდილოეთ კვიპროსის შემთხვევაში.
სხვა სიახლეები