საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დავით ამაღლობელის ბრიფინგი ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით
საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა ლარის კურსის უკანასკნელ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
დ. ამაღლობელმა განაცხადა: „კურსის კორექტირება ნაკარნახევი იყო ეკონომიკური მოსაზრებებით, რისთვისაც შეირჩა საქართველოს ეკონომიკისთვის ოპტიმალური დრო. დღეისათვის კურსმა მიაღწია წონასწორობის წერტილს და დამატებით კორექტირებას არ საჭიროებს. გაგრძელდება ეროვნული ბანკის არსებული პოლიტიკა. შესაბამისად, განხორციელდება სავალუტო ბირჟაზე ინტერვენციები და შენარჩუნებული იქნება კურსის სტაბილურობა, რისთვისაც საქართველოს ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვები გააჩნია. ამასთან, გრძელვადიან პერიოდში კურსის მკვეთრი გაუფასურების ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს".
დ. ამაღლობელმა ასევე აღნიშნა: „ეს ცვლილება ინფლაციაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას არ მოახდენს, რადგან ფასების ზრდის ეკონომიკური საფუძველი არ არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ცალკეული სავაჭრო ობიექტები შეიძლება შეეცადონ არსებული სიტუაციით სარგებლობას და ასწიონ ფასები. ლარის კურსის ამ კორექტირებით, ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კალათასთან მიმართებაში, დღეს არსებული ლარის კურსი არის უცვლელი, თუ შევადარებთ სამი თვის წინანდელ დონეს. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რისთვისაც ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რესურსები და ინსტრუმენტები".
კურსის წონასწორობის აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.