საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ბაზალეთში სემინარი გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ბაზალეთში ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარს უძღვებოდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი არჩილ მესტვირიშვილი, მაკროეკონომიკური გამოკვლევების განყოფილების უფროსი დავით ლეჟავა და ფულად-საკრედიტო და სავალუტო ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლალიაშვილი.
მათ ისაუბრეს ეროვნული ბანკის ფუნქციების, სამომავლო გეგმებისა და სავალუტო პოლიტიკის შესახებ, ასევე, სამომხმარებლო ფასების მდგომარეობასა და საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობაში დანერგილ სიახლეებზე.
როგორც დავით ამაღლობელმა აღნიშნა, ზემოთ ხსენებული და საბანკო სექტორთან დაკავშირებული საკითხების სწორად გაშუქებასა და მოსახლეობისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, მასმედიას უდიდესი როლი ენიჭება.
სემინარის დასასრულ, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებისათვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს:
1. გაუფასურდა თუ არა ეროვნული ვალუტა ლარი?
თუ ბოლო სამ თვეს ავიღებთ, ლარის კურსი გაუფასურდა მხოლოდ აშშ დოლართან, ხოლო ვალუტების უმრავლესობასთან მიმართებაში ლარი გამყარდა. შედეგად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში ლარის შეწონილ კურსს, რეალურად გამყარებულია. კერძოდ, უკანასკნელ სამ თვეში ლარი გამყარდა ბულგარულ ლევთან 6.5%-ით, ევროსთან - 4.5%-ით, ინგლისურ ფუნტ-სტერლინგთან - 12%-ით, ისლანდიურ კრონასთან - 31%-ით, რუმინულ ლეისთან - 10.5%-ით, უნგრულ - ფორინტთან - 18.5%-ით, ჩეხურ კრონასთან - 11%-ით, ავსტრალიურ დოლართან - 19%-ით, თურქულ ლირასთან - 14.4%-ით, ესტონურ კრონასთან - 7%-ით, ლიტვურ ლიტთან - 7.5%-ით, ლატვიურ ლატთან - 7.2%-ით, უკრაინულ გრივნასთან - 6%-ით და ა. შ.
2. რა ეკონომიკური მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული ბანკი, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება ლარის კურსის კორექციის შესახებ?
ლარი აღმოჩნდა ზედმეტად გამყარებული (იხ. ახსნა მე-14 პუნქტში), რასაც ადასტურებდა როგორც უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ, ასევე უკანასკნელ პერიოდში ბანკთაშორის ბირჟაზე დოლარის მიმართ გაზრდილი მოთხოვნა. ეროვნული ბანკის მტკიცე პოლიტიკაა, რომ გაცვლითი კურსი ახლოს იყოს წონასწორულ კურსთან. ეს არის ეკონომიკის ჯანსაღი განვითარებისათვის სავალდებულო პირობა. შესაბამისად, საჭირო იყო გაცვლითი კურსის კორექტირება.
3. კონკრეტულად, რა რისკებთან იყო დაკავშირებული ლარის კურსის მანამდე არსებულ დონეზე შენარჩუნება?
არაწონასწორული კურსი არასასურველია ეკონომიკის დინამიკური განვითარებისათვის. კერძოდ, ზედმეტად გამყარებული კურსის დროს ხელი ეშლება ექსპორტს, ქვეყანა მეტისმეტად არის დამოკიდებული იმპორტზე, ფაქტობრივად, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებით ხდება იმპორტიორების საქმიანობის სუბსიდირება და ხელი ეშლება ადგილობრივ წარმოებას. ქვეყანა მოიხმარს მეტს, ვიდრე მას შემოსავალი აქვს.
4. ვინაიდან ქვეყანა არის იმპორტზე ორიენტირებული, ლარის კურსის ცვლილება გამოიწვევს ფასების მატებას. აისახება თუ არა ეს ინფლაციაზე და როგორ?
ფასების მატების სიჩქარე განსაზღვრავს ინფლაციას. ზოგიერთ პროდუქციაზე ფასები უკვე გაიზარდა, მაგრამ ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ფასების მატებისათვის ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს, მათ შორის არც იმპორტირებულ საქონელზე (დეტალური ახსნა იხ. პუნქტი 6).
ცნობისათვის, როდესაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ევროს შემოღებით ისარგებლეს პროდუქციის გამსაღებლებმა და ფასები გაზარდეს, ამ ქვეყნებში დაიწყო კამპანია: „არ ენდოთ მათ, ვინც ფასი მოუმატა, იყიდეთ საქონელი სხვაგან". კამპანიის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ, თუ ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს, პროდუქციის გამსაღებელს მაღალი ფასი დიდხანს ვერ ექნება. კონკურენცია მას აიძულებს, შეამციროს უსამართლოდ გაზრდილი ფასი.
5. საქართველო მომხმარებელი ქვეყანაა და სამომხმარებლო კალათის 80%-ს იმპორტული საქონელი წარმოადგენს?
მართალია საქონლისა და მომსახურების მოცულობა საქართველოში ძალზედ მაღალია, მაგრამ სამომხმარებლო კალათაში იმპორტული საქონლის წილი მხოლოდ 20%-ს შეადგენს, ხოლო შერეულ საქონელთან ერთად მისი წილი 40%-ია.
6. რატომ არ უნდა მოხდეს ფასების ზრდა?
უკანასკნელი სამი თვის მონაცემებით, ვალუტების უმრავლესობის მიმართ ლარი გამყარებულია და არა გაუფასურებული. მაგალითად, ევრო პირველ აგვისტოს 2.20 ლარი ღირდა, დღეს 2.10 ლარი ღირს. თურქული ლირა პირველ აგვისტოს 1.21 ლარი ღირდა, დღეს 1.05 ლარი ღირს. შესაბამისად, თურქეთში 10 ლირად ღირებულ ჯინსის შარვალში აგვისტოში მეტი ლარი იხარჯებოდა, ვიდრე დღეს იხარჯება. ცხადია, დოლართან ლარის გაცვლითი კურსი 1.40 რომ ყოფილიყო, იგი კიდევ უფრო იაფი იქნებოდა, მაგრამ ეროვნული ბანკი სწორედ იმას აცხადებს, რომ პირველ აგვისტოსთან შედარებით ფასების მომატების ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. როგორც ვხედავთ, ის საქონელი, რომლის საერთაშორისო ფასი დოლარის გარდა სხვა უცხოურ ვალუტაში დგინდება, არ უნდა გაძვირდეს. არ უნდა გაძვირდეს არც ის თურქული ჯინსის შარვალი (ისევე, როგორც სხვა ქვეყნის ნებისმიერი სხვა საქონელი), რომელიც დოლარით არის ნაყიდი, რადგან თურქული ლირის დოლართან კურსის ცვლილების გამო ის ჯინსის შარვალი გაცილებით ნაკლები დოლარი ღირს, ვიდრე პირველ აგვისტოს ღირდა.
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების, საიდანაც ხორციელდება საქონლის იმპორტი, ვალუტებთან მიმართებაში ლარი ბოლო 3 თვის განმავლობაშიგამყარდა. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული საქონელი უფრო გაიაფდა.
რაც შეეხება იმ საქონელს, რომლის საერთაშორისო ფასი აშშ დოლარით დგინდება, მასზე ფასი შესაძლოა, გაიზარდოს. თუმცა, ასეთი საქონლის უმეტესობაზე (საწვავი, შაქარი, ზეთი...) საერთაშორისო ფასები აგვისტოს შემდეგ მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, ბარელი ნავთობი, რომელიც 140 დოლარი ღირდა, დღეს 60 დოლარზე ნაკლები ღირს.
7. ვინ მიიღო გადაწყვეტილება?
ის, რომ კურსი კორექტირებას საჭიროებდა, ცნობილი იყო ყველასთვის, ვისაც რაიმე შეხება აქვს ეკონომიკასთან. კურსის ცვლილების საჭიროებას იზიარებდნენ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირები ეროვნულ ბანკში, ფინანსური ზედამხედველობის სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში, სახელმწიფო კანცელარიაში. იგივე მოსაზრება ჰქონდათ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. გადასაწყვეტი იყო მხოლოდ დრო (როდის მოხდებოდა კურსის კორექტირება), მეთოდი (ერთჯერადი თუ თანდათანობითი) და კურსის სიდიდე. ამ თემებზე, ეროვნულ ბანკში დისკუსიების პარალელურად, მიმდინარეობდა ეროვნული ბანკის კონსულტაციები სხვა ინსტიტუტებთან. საბოლოო გადაწყვეტილებაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო.
8. რატომ ახლა?
საქართველოში კურსის ცვლილებისათვის საჭირო იყო:
9. ერთჯერადი კორექცია თუ ეტაპობრივი კორექცია? რატომ იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის უკეთესი ერთჯერადი კორექცია?
ორივეს მეთოდს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ერთჯერადი კორექცია იწვევს რეზერვების ნაკლებ ცვლილებას, თუმცა უფრო არაპოპულარული ნაბიჯია. ეტაპობრივი ცვლილების დროს ლარისადმი ნდობა ნელ-ნელა, მაგრამ საბოლოოდ დაიკარგებოდა. ეტაპობრივი ცვლილების დროს წონასწორული გაცვლითი კურსის მისაღწევად საჭირო იქნებოდა, დაახლოებით, სამი თვე, ანუ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი კიდევ სამი თვის დაგვიანებით დაიწყებოდა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ დაიკარგებოდა ლარისადმი ნდობა, სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 30 პუნქტით რომ შეცვლილიყო კურსი 1.65-მდე (1.4400, 1.4430, 1.4460, 1.4490, 1.4520 და ა. შ.). ყოველი ასეთი დღის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უნდა დაეხარჯა 15-25 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვი. ეს დადასტურდა 28 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე გამართულ ბანკთაშორის ვაჭრობებზე, როდესაც კურსი 1.4160-დან 1.4400-მდე ნელ-ნელა შეიცვალა და ეროვნულ ბანკს ყოველ გამართულ ვაჭრობაზე, საშუალოდ, 20 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვის გაყიდვა მოუწია.
10. რატომ პარასკევს?
ვალუტის კორექცია უნდა განხორციელებულიყო პარასკევ დღეს იმ მიზნით, რომ ძირითადი მერყეობები შაბათ-კვირას მომხდარიყო და ამას მინიმალური პრობლემები შეექმნა ბიზნესისათვის.
შაბათ-კვირის განმავლობაში ბაზარზე (ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე) წონასწორული გაცვლითი კურსი დამოუკიდებლად უნდა დადგენილიყო. სხვა დღეებში ბაზარი ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი, რადგან ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ეროვნული ბანკი იქნებოდა ერთ-ერთი მონაწილე და, შესაბამისად, ვერ დადგინდებოდა ის კურსი, რასაც ბაზარი ელის საშუალოვადიან პერსპექტივაში.
11. პანიკის თავიდან აცილების მიზნით, რატომ არ მოხდა მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება?
კურსის წინასწარ გამოცხადება გაუმართლებელი იყო. ეროვნული ბანკის მიზანი იყო ეკონომიკური აგენტებისათვის კურსის წონასწორულ მდგომარებაში გადასვლის შესახებ სიგნალის მიცემა. ეს სიგნალი სწორად გაიგეს ეკონომიკურმა აგენტებმა პარასკევს და ორ დღეში დადგინდა წონასწორობა ბაზარზე. ნებისმიერი განცხადება ეროვნული ბანკის მხრიდან ზემოქმედებას მოახდენდა მოლოდინებზე და წონასწორული კურსი სწორად არ ჩამოყალიბდებოდა.
12. განზრახ შეცვალა ეროვნულმა ბანკმა კურსი, არ თუ ვერ შეეწინააღმდეგა კურსის ცვლილებას?
ეროვნული ბანკის ინტერესი იყო, კურსი დაბრუნებოდა წონასწორულ მდგომარეობას. ეროვნულმა ბანკმა თავისი ქმედებით ბანკთაშორის ბირჟაზე სტიმული მისცა კურსის ცვლილებას.
13. როგორ დაითვალეთ წონასწორული კურსი?
ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ წონასწორული კურსიდან ძირითადი გადახრა მოხდა უკანასკნელ სამ თვეში, როცა იცვლებოდა უცხოური ვალუტების კურსები დოლარის მიმართ, ხოლო ლარის კურსი ამ საერთო დინამიკას არ აჰყოლია. შესაბამისად, სამი თვის წინ არსებულ ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსთან დაბრუნება გულისხმობს წონასწორობაში დაბრუნებას. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის უცვლელ სიდიდეს შეესაბამება ლარის დოლართან გაცლითი კურსი: 1.65. აღსანიშნავია, რომ 7-9 ნოემბერს სავალუტო ბაზარზე დამყარებულმა ასეთივე კურსმა დაადასტურა, რომ წონასწორულ ნომინალურ გაცვლით კურსად ეკონომიკურ აგენტებსაც 1.65 მიაჩნიათ.
14. შეიძლებოდა თუ არა, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, ლარის ვარდნის თავიდან აცილება?
არა. წონასწორული მდგომარეობიდან ლარის ძირითადი გადახრა უკანასკნელ თვეებში მოხდა. ამ პერიოდში ეროვნული ბანკი ცდილობდა, არ შეცვლილიყო ლარის გაცვლითი კურსი. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ლარის კურსის ცვლილება შესაძლებელი იყო ასოცირებულიყო ომსა ან ფინანსურ კრიზისთან, რაც გაუმართლებელ, არაჯანსაღ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. ასეთი აჟიოტაჟის ეკონომიკურ-ფინანსური შედეგები სავალალო იქნებოდა. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა, ფაქტობრივად, დააფიქსირა ლარის დოლართან გაცვლითი კურსი. შედეგად მოხდა ლარის არაბუნებრივი გამყარება და ამიტომ გახდა საჭირო შემდგომში კურსის კორექტირება.
15. სხვა ქვეყნებში რატომ არ მოხდა ასეთი ნახტომისებური ცვლილება?
სხვა ქვეყნებში გაცვლითი კურსი იცვლებოდა თანდათან უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში. არ შეცვლილა გაცვლითი კურსი, ძირითადად, ყოფილ საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელორუსია, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი).
16. მოხდება თუ არა კურსის კიდევ ერთი ნახტომისებრი ცვლილება?
არა. ეროვნული ბანკი საწყის ეტაპზე შეინარჩუნებს გაცვლით კურსს წონასწორულ ნიშნულთან, ხოლო მომავალში მას თავისუფლად მოძრაობის საშუალებას მისცემს. თუ სპეკულაციური, არაჯანსაღი მოლოდინები არ არის ქვეყანაში და არ არის გარე შოკები, წონასწორული კურსის მახლობლობაში გაცვლითი კურსი თავისუფალი მოძრაობის შემთხვევაშიც შეინარჩუნებს საშუალოვადიან სტაბილურობას.
17. ლარის კურსის კორექცია იქონიებს თუ არა დადებით გავლენას უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. თუ იმოქმედებს, რატომ და მივუთითოთ - მოკლე თუ გრელვადიან პერსპექტივაში?
გაცვლითი კურსი უცხოურ ინვესტიციებზე ერთადერთი თვალსაზრისით იმოქმედებს: ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო ზრდის გარანტიებს მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის. ინვესტორს აწყობს ასეთი გარემო. ასევე, როცა არის გაუფასურების მოლოდინი, რომელიც 7 ნოემბრამდე იყო, არ ხდება ინვესტირება (ვინაიდან არის გაურკვევლობა, რაც ხელს უშლის გადაწყვეტილების მიღებას) და ეკონომიკური აქტივობა შეფერხებულია.
18. რას ურჩევთ, მოსახლეობამ რომელ ვალუტაში შეინახოს ფული?
იმისათვის, რომ კურსის ცვალებადობის რისკი შემცირდეს (ვისაც ამის სურვილი აქვს), უნდა ვეცადოთ, შემოსავლები და ხარჯები ერთსა და იმავე ვალუტით დავგეგმოთ. კერძოდ, თუ ოჯახს ძირითადი შემოსავალი აქვს ლარით, მაშინ სესხიც ლარით უნდა აიღოს და ასე შემდეგ. მოსახლეობას ვურჩევთ, თავი აარიდოს სპეკულაციას. მაგალითად, ევრო დოლართან მიმართებაში უფრო მეტად მერყეობს, ვიდრე ლარი, მაგრამ ევროპის მოსახლეობას ამის გამო თავისი დანაზოგები ერთი ვალუტიდან მეორეში არ გადააქვს.
ასევე, ანაბარიც უნდა შეინახონ იმ ვალუტით, რა ვალუტითაც აპირებენ მომავალში ხარჯების გაღებას, თუ კონკრეტული მიზანი არ აქვს ანაბარს, მაშინ სასურველია ანაბრების დივერსიფიკაცია, ანუ რამდენიმე ვალუტით განთავსება.