საქართველოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება სამწლიან, 289 მილიონ აშშ დოლარის მოცულობის ‘მხარდამჭერ პროგრამაზე’ (Stand-By Arrangement)
ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა წინასწარ მიგნებებს ქვეყანაში ვიზიტის დასრულებისას. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ხედვას. მისიის წინასწარი მიგნებების საფუძველზე მომზადდება ანგარიში, რომელიც, ხელმძღვანელობის დასტურის შემთხვევაში, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წარედგინება განხილვის და გადაწყვეტილებისთვის.
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი – 1 აპრილი, 2022: საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, 2021 წლის 18 ნოემბრიდან - 2022 წლის 31 მარტამდე, სსფ-ს მისიამ ბატონი ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით, წარმართა შეხვედრები საქარველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვირტუალურ ფორმატში. ამ შეხვედრების მიზანი იყო შეთანხმება სამწლიან ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც დაფინანსდება "მხარდამჭერი ინსტრუმენტით" (Stand-By Arrangement (SBA)).
მისიის დასასრულს ბატონმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა შემდეგი:
"მაქვს პატივი განვაცხადო, რომ სსფ-ს მისას და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება სამწლიანი ‘მხარდამჭერი პროგრამის’ (Stand-By Arrangement) თაობაზე, რომელიც 210 მილიონი სპეციალური ნასესხობის უფლებით (დაახლოებით 289 მილიონი აშშ დოლარის), საქართველოს ქვოტის 100 პროცენტის ოდენობის, თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. ამ საკითხს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ამა წლის მაისში განიხილავს.
საქართველოს ეკონომიკა COVID-19-ის პანდემიის შოკიდან სწრაფად ჯანმრთელდებოდა და ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4 პროცენტს მიაღწია. ომისა და სანქციების უარყოფითი შედეგები საქართველოს ეკონომიკასაც გადმოეცემა და 2022 წლის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 3 პროცენტამდე მცირდება, მოსალოდნელი ინფლაცია იზრდება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ღრმავდება. ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. საქართველოს ეკონომიკამ წარსულში მდგრადობა გამოავლინა და, მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ველით.
ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს: მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და განმტკიცებას ერთმანეთის მომყოლი შოკების, პანდემიის და უკრაინაში ომის, ფონზე. ასევე, საშუალოვადიანი ზრდის და ეკონომიკის მდგრადობის ზრდას.
პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯების დაფინანსების შემდეგ, ფისკალური პოლიტიკა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაზე უნდა იყოს მიმართული, რომ 2023 წელს ფისკალური წესის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოხდეს ფისკალური ბუფერების აღდგენა და შეიქმნას შემდგომი პრიორიტეტების: ინფრასტრუქტურის და განათლების დაფინანსების საშუალება. თუ კონფლიქტიდან მომდინარე უარყოფითმა გავლენამ, საერთაშორისო სასაქონლო ფასების ზრდის სახით, ამჟამად პროგნოზირებულს გადააჭარბა, ქვეყნის ბიუჯეტში შესაძლებელია გამოიძებნოს მოწყვლადი ჯგუფების მიზანმიმართული დახმარების საშუალება. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას და ფისკალური რისკების შეზღუდვას სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიის დასრულებით და განხორციელებით.
რიგმა გლობალურმა შოკებმა საქართველოში ინფლაცია გაზარდა და ის მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოვებლად მართებულად ფოკუსირებული რჩება და ამ თვალსაზრისით მიმდინარე და მომავალ წელს მნიშვნელოვან პროგრესს მოველით, რადგანაც ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი გლობალური ფაქტორები მიილევა. ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად საქართველოს კარგ სამსახურს უწევს. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც შოკების შემწოვ ფუნქციას ასრულებს, კვლავ შენარჩუნდება და სავალუტო ინტერვენციები შეზღუდულად, ჭარბი მერყეობის შესარბილებლად და სავალუტო ბაზრის გაუმართავი მუშაობის პრევენციისათვის განხორციელდება.
საქართველოს საფინანსო სექტორმა მნიშვნელოვანი მდგრადობა გამოავლინა პანდემიის და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რაც განაპირობა ძლიერი საზედამხედველო და რეგულირების ჩარჩოს არსებობამ, მაკროპრუდენციული ზომების შემოღებისა და რეკალიბრაციის ჩათვლით. საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და სათანადო ქმედებებმა, მათ შორის, ბანკებისთვის შესაბამისი სანქციების დაცვის მოთხოვნამ, ომის უარყოფითი გავლენა შეამცირა. საფინანსო სექტორის პოლიტიკა გაძლიერდება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ზედამხედველობა, დროული მაკორექტირებელი ზომების ჩარჩო და მსხვილი რისკების პოზიციები, სსფ-ს და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული საფინანსო სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) რეკომენდაციებზე დაყრდნობით. ძლიერი მაკროეკონომიკური და ფინანსური სექტორის პოლიტიკის შენარჩუნება დროთა განმავლობაში კვლავ მაღალი დოლარიზაციის და მასთან დაკავშირებული მოწყვლადობის შემცირებას დაეხმარება.
ეკონომიკის ზრდის ტემპის დასაჩქარებლად და მეტი ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმები მიმართული იქნება განათლებაზე და სწავლებაზე, უმუშევრობის შემცირების მიზნით და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად; ასევე, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ეს ძალისხმევა წაადგება ბიზნეს გარემოს, ქვეყნის ინტეგრაციას რეგიონში, სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის ზრდას.
მისიის მსვლელობისას, სსფ-ს თანამშრომლები შეხვდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს და მის წინამორბედს ნათია თურნავას; ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, საბანკო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.
სსფ-ს მისია მადლობას უხდის ქართველ კოლეგებს ღია და კონსტრუქციული დისკუსიისთვის და თანამშრომლობისთვის, რამაც დღევანდელ წარმატებულ დასკვნამდე მიგვიყვანა.