საქართველომ შიდა აუდიტორთა საერთაშორისო შეხვედრას უმასპინძლა
23 მაისი, 2017
შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით გაიმართა
23-25 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში, საერთაშორისო შეხვედრა - "თანამედროვე შიდა აუდიტი - ახალი მიდგომები" გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა თანამედროვე შიდა აუდიტის როლის განხილვას ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების კუთხით, ასევე, შიდა აუდიტის გამოწვევების, რისკებისა და პერსპექტივების შესახებ გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა.
"დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესოა, რადგან ის მიმოიხილავს იმ ბოლო ტენდენციებს, რაც დაკავშირებულია შიდა აუდიტის საქმიანობასთან. შიდა აუდიტის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ორგანიზაციისთვის. ეროვნულ ბანკში განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭეთ ამ მიმართულებას. მახსოვს 1993-1994 წლებში, როდესაც ეროვნულ ბანკში ვმუშაობდი, მაშინ ეყრებოდა საფუძველი ამ ყველაფერს და დღეს სასიამოვნოა, რომ ასეთი მიღწევები გვაქვს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ნიდერლანდების ცენტრალურ ბანკთან ამ საკითხთან დაკავშირებით, გვაქვს მუდმივი კონსულტაციები იმ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. დღევანდელი შეხვედრა კარგი საშუალებაა იმისა, რომ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგებთან ერთად განვიხილოთ თუ როგორ უყურებენ ისინი ამ საქმეს, რა განსხვავებები გვაქვს და როგორ უნდა მივაღწიოთ საერთო მიზნებს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობენ ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები შიდა აუდიტის სფეროდან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროების წარმომადგენლთა ჩართულობა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდის ჯგუფში შემავალი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნების - ჰოლანდიის, ჩეხეთის, უნგრეთის, უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, მაკედონიის, მოლდოვის, რუმინეთის, ლიტვის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და სლოვაკეთის ცენტრალური ბანკების შიდა აუდიტორები.
შეხვედრას უძღვებოდნენ შიდა აუდიტის სფეროს ცნობილი ექსპერტები ჰოლანდიის ცენტრალური ბანკიდან - რობერტ კორნელისი და ანეტ მანი. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა ცვლილებები შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებში, რისკზე დაფუძნებული შიდა აუდიტის მიდგომა, თაღლითობის რისკის შეფასება, თაღლითობის პრევენცია და აღმოჩენა, თაღლითობის კვლევის ტექნიკები, შიდა აუდიტის დამატებითი ღირებულება კორპორატიულ მმართველობაში, დაცვის მესამე ხაზის ღირებულების მაქსიმიზაცია, შიდა აუდიტის ეფექტურობის შეფასება და გაუმჯობესება.