სავალუტო აუქციონების შედეგები საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტის – სავალუტო აუქციონების ამოქმედება 2009 წლის 10 მარტიდან დაიწყო. აღნიშნული ინსტრუმენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება განვითარებული ქვეყნების სავალუტო ინტერვენციებში, ეკონომიკის აშშ დოლარის ლიკვიდურობის ამაღლებას ემსახურება. სავალუტო აუქციონზე სავაჭრო ოპერაციები „ბლუმბერგის ტერმინალის" პროგრამული უზრუნველყოფით ხორციელდება. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც უფრო თანამედროვე და მოქნილია, ვაჭრობა ტარდება კვირაში ორჯერ და იგი ნაწილობრივ ჩაანაცვლებს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟას. ამასთან, ახლად დანერგილი სისტემის მეშვეობით კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ, უცხოური ვალუტით 24 საათის განმავლობაში ივაჭრონ პირდაპირ ბანკთაშორის ბაზარზე.
სავალუტო აუქციონების პროცესი საჯაროა და გამჭვირვალედ წარიმართება. მიუხედავად ამისა, ინფორმაციის მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, აუქციონის შედეგებს საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ ვებგვერდზე http://www.nbg.gov.ge/ რეგულარულად განათავსებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის 24 მარტის სავალუტო აუქციონის შედეგები
2009 წლის 24 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე შესყიდულ იქნა 5 მლნ აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.6428 შეადგინა.