საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია საქართველოში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია საქართველოში

04 ოქტომბერი, 2011

4 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია ეწვია. მისიამ შეხვედრები გამართა საქართველოს  ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

მისიის მიზანია ეკონომიკური და ფინანსური სტატისტიკის სისტემის (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი) შეფასება. კერძოდ, სსფ–ის მონაცემთა ხარისხის სტანდარტების დაცვის მდგომარეობის შესწავლა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები გაეცნობიან საქართველოში ეროვნული ანგარიშების, ფასების სტატისტიკის, ფისკალური და მონეტარული სტატისტიკის და საგადასახდელო ბალანსის წარმოების პრაქტიკას და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის ხარისხს.

მისიის შედეგების მიხედვით მომზადდება მოხსენება, რომელიც განთავსდება სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მოხსენებაში შეფასებული იქნება საქართველოს სტატისტიკური სისტემის მდგომარეობა და მომზადდება სპეციალური რეკომენდაციები.

"ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში. ბოლო შეფასება 2003 წელს გაკეთდა, მას შემდეგ სტატისტიკის წარმოებაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა სტატისტიკის წარმოება და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს ყველაფერი ასახული იქნება ახალ ანგარიშში, რაც უკეთ წარმოაჩენს საქართველოში სტატისტიკის წარმოებას, ვიდრე ეს 2003 წელს იყო"- განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია საქართველოში 17 ოქტომბრამდე დარჩება.

სხვა სიახლეები