როგორია გლობალური ეკონომიკური გამოწვევები და რა გავლენა აქვს ამ პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე - ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა
დისკუსიის დროს მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა, აიჰან კოშემ მსოფლიო ბანკის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" 2021 წლის ივნისის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები და პერსპექტივებია გაანალიზებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გლობალური ეკონომიკა აღდგენის პროცესშია და 2021 წელს მისი 5.6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც ბოლო 80 წლის განმავლობაში რეცესიის შემდგომი ზრდის ყველაზე მაღალი ტემპია. თუმცა, აღდგენა არათანაბარია: პანდემიით გამოწვეული იმ დანაკარგების ანაზღაურება, რომლებიც წარმოებას, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს და საცხოვრებელ პირობებს უკავშირდება, 2022 წლისთვის მოსალოდნელი არ არის. აღდგენის პროცესის გაძლიერებას პანდემიაზე ეფექტური კონტროლი დასჭირდება. ეს პროცესი ფასების სტაბილურობის და ფისკალური მდგრადობის მუდმივ დაცვასა და მხარდაჭერას საჭიროებს და მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებას მოითხოვს.
გლობალური ეკონომიკის აღდგენას თან ინფლაციის შემოტრიალება ახლდა. მსოფლიო ბანკის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" 2021 წლის ივნისის ანგარიში იკვლევს, არის თუ არა გლობალურად მზარდი ინფლაციური ზეწოლა განგაშის საფუძველი.
ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინფლაციური ტრაექტორიის გათვალისწინებით, ეს საკითხი საქართველოსთვის აქტუალურია. ანგარიშში აღნიშნულია:
მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა: "მსოფლიოსა და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის დაჩქარება იმედისმომცემია. თუმცა, აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ რისკების შემცველია. მისი მდგრადობისთვის კი პანდემიის მკაცრი კონტროლია აუცილებელი, რაც ვაქცინაციის უფრო სწრაფ მიმდინარეობას მოითხოვს. ამასთან, კოვიდ-19-ის ზეგავლენის შემსუბუქების მხარდამჭერი ღონისძიებები თანდათან უნდა მოიხსნას. ამასთან, ახლო მომავლის შემდეგ სტრუქტურული რეფორმების ხელახლა გაძლიერებამ (მაგალითად, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, კონკურენცია, სასამართლო სისტემა და ა.შ.), ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებამ, დიგიტალიზაციის პოპულარიზაციამ და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერებამ შესაძლოა პროდუქტიულობის იმგვარად მატება უზრუნველყოს, რომ ზრდა მძლავრი ტემპით გაგრძელდეს. ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებული გლობალური ინფლაციური ზეწოლა კვლავ მოახდენს გავლენას საქართველოში არსებულ ინფლაციაზე. რადგან ეს ტენდენცია გლობალურია, ხელისუფლებას რეაგირებისთვის მცირე ბერკეტები აქვს. ამის მიუხედავად, დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელებას შეუძლია ხელი შეუწყოს გაცვლითი კურსის მერყეობის შემცირებას, ხოლო სოციალური დაცვის სისტემების გაუმჯობესებას კი საზოგადოების დაუცველ ნაწილზე გავლენის შემსუბუქების შესაძლებლობა შესწევს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა: "რაოდენ არასასურველიც უნდა იყოს მიმდინარე წელს მაღალი ინფლაცია, ის გამოწვეულია პანდემიით და ეს პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას. საქართველოს, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანას, არაერთ გამოწვევასთან ერთდროულად გამკლავება უწევს, რაც საბოლოო ჯამში ფასებზე აისახება. ის, რომ ინფლაცია მიზნობრივ ინფლაციაზე გაცილებით მაღალია, არ ნიშნავს, რომ ინფლაციის თარგეთირება "არ მუშაობს". უნდა გვესმოდეს, რომ მიზნობრივი ინფლაცია წარმოადგენს ნომინალურ ღუზას (anchor) მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას. უფრო მეტიც, დაბალი მიზნობრივი ინფლაციის არსებობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ის არის ფაქტორი, რაც მაღალ ინფლაციურ პერიოდში, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგებს, რასაც აკეთებს კიდეც. ეს კი, დროთა განმავლობაში, ინფლაციას, რომელიც დღეს ერთჯერადი ფაქტორების გამო არის მაღალი, აუცილებლად დაეხმარება, რომ კვლავ შემცირდეს."
პრეზენტაციების შემდეგ აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: World Bank: Global Economic Prospects, June 2021