ეროვნულ ბანკში საქართველოს შემოსავლების სამსახურის, ინვესტორთა საბჭოს და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების, ინვესტორთა საბჭოს, კომერციული ბანკების და საბანკო ასოციაციის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) გამარტივებული საბაჟო ფორმალობების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარადგინეს და შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ NCTS-ი მიმდინარე წლის 15 მაისიდან საქართველოდან გამავალ ტვირთებზე, ხოლო 1 ივნისიდან საქართველოზე ტრანზიტულად გამავალ ტვირთებზე ქართული გარანტიების სავალდებულო მოთხოვნის დაწესებას ითვალისწინებს.
საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი, საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ სიხარულიშვილი და ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი პაპუნა შენგელაია ესწრებოდნენ.
აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც სისტემატურად გაიმართება.
06 მაისი, 2025
ფოტოგალერეა
10