ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური სესხების თემაზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლი შეიმუშავა
05 ოქტომბერი, 2017
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერითა და სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding-ის ჩართულობით, იპოთეკური სესხების შესახებ საგანმანათლებლო ვიდეორგოლი განავითარა, სახელწოდებით "ბინის შეძენა იპოთეკური სესხით", რომლის ნახვაც დაინტერესებულ პირებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე შეუძლიათ.
ვიდეორგოლი იმ ადამიანებისთვის არის შექმნილი, რომლებიც სახლის ყიდვას, აშენებას ან გარემონტებას ფიქრობენ, და ამ მიზნით იპოთეკური სესხის აღებას განიხილავენ. ვიდეორგოლი მოიცავს იპოთეკური სესხის აღებისას გასათვალისწინებელ ისეთ საკვანძო ინფორმაციას, როგორიცაა, ბინის შეძენასთან დაკავშირებული მთლიანი დანახარჯი; სესხის მოცულობა, რომლის აღების შესაძლებლობაც მომხმარებელს აქვს; იპოთეკური სესხის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობები, ვალუტის, საპროცენტო განაკვეთების, დაფარვის ვადებისა და დაფარვის გრაფიკის გათვალისწინებით.
საგანმანათლებლო ვიდეორგოლთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა შესაბამისი ბანერები, რომლებიც უძრავი ქონების პორტალებზე განთავსდა, საიდანაც, მომხმარებელი ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გადავა და ნახავს როგორც ვიდეორგოლს, ასევე საგანმანათლებლო ბროშურას იპოთეკური სესხების შესახებ, რომელიც ეროვნულმა ბანკმა და EFSE DF-მა 2016 წელს შეიმუშავეს. ბროშურაში უფრო დეტალურად და მომხმარებლისთვის ადვილად გასაგები და საინტერესო ენითაა გადმოცემული ვიდეორგოლში განხილული საკითხები. ბროშურა დაინტერესებულ მკითხველებს დამატებით სთავაზობს დეტალურ ინსტრუქციას, რომელიც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. კერძოდ, საკითხების ჩამონათვალს, რომელიც მომხმარებელმა კრედიტორთან უნდა დააზუსტოს სესხის აღებამდე, ასევე სხვა პრაქტიკულ რჩევებს.
"იპოთეკური სესხების შესახებ საგანმანათლებლო მასალის შექმნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლების თვალსაზრისით. იპოთეკური სესხის აღება ძალზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელიც მომხმარებლისგან შესაძლებლობებისა და რისკების გულდასმით შეფასებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ საინტერესო, მარტივი და ადვილად აღსაქმელი ფორმის საგანმანათლებლო მასალა, რომელზე წვდომაც მომხმარებლებს ადვილად შეუძლიათ ისეთი ვებგვერდებიდან, რომლებსაც ისინი სახლის შეძენის, აშენების ან გარემონტების შემთხვევაში სტუმრობენ. მადლობა მინდა გადავუხადო "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამას, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია საგანმანათლებლო ვიდეორგოლისა და ბროშურის განვითარების პროცესში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.