ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების თემაზე გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

20 მარტი, 2023

"იპოთეკით დაცული ობლიგაციები: საერთაშორისო პერსპექტივა" - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სარეიტინგო კომპანია Moody's-თან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.


ღონისძიება მიზნად ისახავდა საფინანსო სექტორის მონაწილეებისთვის იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის დინამიკის, საკრედიტო რეიტინგის მიდგომების და ინსტრუმენტის ფასწარმოქმნის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ასევე, ემიტენტებისა და ინვესტორებისთვის რელევანტური სხვა პრაქტიკული ასპექტების განხილვას.


შეხვედრაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ, აღნიშნა ქართულ ბაზარზე იპოთეკური ობლიგაციების დანერგვის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის ძალისხმევას კაპიტალის ბაზრის რეფორმების წარმართვის კუთხით.


"იპოთეკური ობლიგაციების ჩარჩოს შემუშავება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული ფართო კაპიტალის ბაზრის რეფორმის განხორციელების ახალ საფეხურს წარმოადგენს. კაპიტალის ბაზრის გამრავალფეროვნებასა და მასშტაბის ზრდასთან ერთად, ახალი ჩარჩოს მთავარი მიზანი კომერციული ბანკებისათვის დივერსიფიცირებულ დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროდუქტი გააუმჯობესებს ლარის გრძელვადიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას, ხელს შეუწყობს საშუალო ვადაში იპოთეკურ სესხებზე ფიქსირებული ფასწარმოქმნის შესაძლებლობის გაზრდას, გააუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ეფექტიანობას და ასევე შეასრულებს რისკების მართვის ინსტრუმენტის ფუნქციას“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.


შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია Moody's-ის, ევროპული იპოთეკური ობლიგაციების საბჭოსა (ECBC) და EBRD-ის წარმომადგენლებისგან მიეღოთ. ექსპერტებმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს აღმოსავლეთ ევროპიდან და საერთაშორისო ბაზრებიდან მიღებული მდიდარი გამოცდილება გაუზიარეს.

სხვა სიახლეები