ეროვნული ბანკი "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის ცვლილების პროექტს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის ცვლილების პროექტს აქვეყნებს

15 დეკემბერი, 2021

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებებს გეგმავს და საკონსულტაციოდ სექტორს შესაბამის პროექტს სთავაზობს. აღნიშნული დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს თავიანთი მოსაზრება და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს.

 

ცვლილების პროექტი კომერციული ბანკის ლიცენზირების, აქციონერთა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნების დახვეწას ითვალისწინებს. ცვლილებები ეფუძნება ევროკავშირში მოქმედ საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობისა და პრუდენციული რეგულირების შესახებ დირექტივას (CRD), რომელთან დაახლოებაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით არის განსაზღვრული.

 

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი  ადმინისტრატორთა და აქციონერთა შესაფერისობის კრიტერიუმების ჩარჩოს დამტკიცებასა და ლიცენზირების ჩარჩოს დახვეწას 2020 წლის დასაწყისში გეგმავდა, თუმცა, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე ეროვნულმა ბანკმა დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა, რაც, ასევე,  ზემოაღნიშნულ რეგულაციებსაც შეეხო და, ამდენად, მათი დამტკიცების საკითხი გადავადდა.

 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა დირექტივით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს ითვალისწინებს, თუმცა, ცვლილების შედეგად, კანონი დირექტივასა და ევროპის საბანკო უწყების (European Banking Authority) მიერ განსაზღვრულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობაში იქნება. ეს კი თავის მხრივ, მოთხოვნების დახვეწასა და შეფასების პროცესში მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდგომ, ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობისა და ლიცენზირების განახლებული წესების, ხოლო  აქციონერთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ახალი დებულების დამტკიცებას გეგმავს.

 

ცვლილებების საჭიროების ანალიზისა და იდენტიფიცირების პროცესში ეროვნულ ბანკს ექსპერტულ დახმარებას პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) ექსპერტები უწევდნენ, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - "ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“ (TWINNING) - ფარგლებში.

 

ცვლილების პროექტი საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია policy@nbg.gov.ge - ზე 2021 წლის 24 დეკემბრამდე.

 

 

სხვა სიახლეები