გიორგი ქადაგიძე საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე

გიორგი ქადაგიძე საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე

02 სექტემბერი, 2014
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში "დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში". ფორუმი თბილისში 1-3 სექტემბერს მიმდინარეობდა.

გიორგი ქადაგიძემ სესიაში „დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება“ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობისა და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

„მსოფლიოში არის წარმატებული და წარუმატებელი ქვეყნები. მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი: რა არის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატების ფორმულა. რატომ არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობა წარუმატებელი, ხოლო დასავლეთ ევროპაში რადიკალურად განსხვავებული სურათია. სწორედ ასეთი ტიპის ფორუმები, დისკუსიები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამგვარ კითხვებზე პასუხის გასაცემად”, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

საერთაშორისო ფორუმი სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ეგიდით ტარდება. 

სახელმწიფოს მშენებლობისა და პოლიტიკური რეფორმების სფეროში  სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპერტებმა - ფრენსის ფუკუიამამ და ერიკ ჯენსენმა მონაწილეობა მიიღეს სადისკუსიო სესიების მოდერირებაში. იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, კანონის უზენაესობა, მმართველობის რეფორმა და უსაფრთხოება.  აქცენტები გაკეთდა საქართველოს გამოცდილებაზე, რათა გამოიკვეთოს ის პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მიერ მიღწეული დემოკრატიული განვითარების სამომავლო კონსოლიდაციას. 

ლიდერთა ფორუმის მხარდამჭერია Omidyar Network-ი, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", საქართველოს ბანკი და ამერიკის საელჩო.

სხვა სიახლეები