საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციებისთვის გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის პროექტს აქვეყნებს
ქვეყნის ფინანსური მდგრადობისა და საჭიროების შემთხვევაში სარეზოლუციო უფლებამოსილებების მიზნებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მსოფლიო ბანკთან ერთად, საბანკო რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობს.
პროექტი მსოფლიო ბანკის მხრიდან სარეზოლუციო ფონდისთვის პოტენციური პირობითი დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობას გულისხმობს. პროექტის მიზანი სარეზოლუციო ჩარჩოსა და მისი საოპერაციო გარემოს განვითარებაა.
ზემოაღნიშნული სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციებისთვის აქვეყნებს დაფინანსების პროექტთან დაკავშირებულ გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დაფინანსების პროექტი განხორციელდეს მსოფლიო ბანკის „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების“ და ამ გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებების გეგმის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ პროექტის დოკუმენტის ორიგინალი ვერსია შედგენილია ინგლისურად, რომელიც ითარგმნა ქართულ ენაზე.
შემოთავაზებების და კითხვების გამოგზავნა შესაბამისი დანართის მიხედვით შესაძლებელია ელ-ფოსტაზე - resolution@nbg.gov.ge 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით. მოსაზრების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს და უპასუხებს მხოლოდ ზემოაღნიშნული დანართის ფორმით მოწოდებულ არგუმენტირებულ კომენტარებსა და მოსაზრებებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ, კონსულტაციის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი პროექტი შეიძლება დაექვემდებაროს შესაბამის რედაქციულ კორექტირებას ან/და მიღებული კონსულტაციის საფუძველზე შესაბამის ცვლილებებს.