ეროვნულმა ბანკმა რეკორდულად მაღალი შესყიდვები განახორციელა 2023 წელს (1.28 მლრდ აშშ დოლარი) და 2024-შიც განაგრძობს რეზერვების დაგროვებას. ამ ფონზე მას საშუალება მიეცა რეზერვების დივერსიფიკაცია მოახდინოს ისეთ საყოველთაოდ აღიარებულ სარეზერვო აქტივში, როგორიცაა მონეტარული ოქრო, რაც ეროვნულ ბანკს აქამდე რეზერვებში არ ქონია.
გლობალურად და რეგიონში გაზრდილია გეოპოლიტიკური რისკები და გამძაფრებული ინფლაციური ფონი, რომლის დროსაც ტრადიციულად ოქრო განიხილება როგორც უსაფრთხო ინვესტიცია და ინფლაციის ჰეჯირების ერთ-ერთი საშუალება. ამ ფონზე ბევრი ცენტრალური ბანკი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში აქტიურად ზრდის ოქროს რეზერვებს. მხოლოდ 2023 წელს ცენტრალური ბანკების მიერ შეძენილ იქნა 1037 ტონა. ჩვენც ამ შემთხვევაში მსგავსი მოტივებით ვხელმძღვანელობთ.
საქართველოს არ ქონდა ისტორიული ოქროს რეზერვები, როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანას აქვს. შესაბამისად ოქროს რეზერვებში დამატებაზე ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც ერთის მხრივ გვაქვს შესაბამისი შემოდინებები რეზერვებში და შექმნილი გლობალური პროცესების ფონზე მკაფიო გახდა ამის საჭიროება.
ზოგადად ფინანსური აქტივების, და მათ შორის ოქროს ფასის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა სხვა აქტივებისგან განსხვავებით, ოქრო გრძელვადიან პერსპექტივაში ინარჩუნებს [instrinsic] ღირებულებას. სებ-ის ინვესტიცია ოქროში არის სტრატეგიული გადაწყვეტილება და ის არ არის ნაკარნახევი ოქროს ფასის მიმდინარე ან მოსალოდნელი დინამიკით. შესაბამისად მომდევნო გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული სტრატეგიული ფაქტორების გათვალისწინებით.
ოქროს წილი იქნება დამოკიდებული რიგ ფაქტორებზე, მათ შორის შიდა და გარე ფაქტორებზე. დღევანდელი გადასახედიდან ოქროს წილი რეზერვებში 10-20% შუალედში შენარჩუნდება.
სსფ შესაბამისი კრიტერიუმების ოქროს ზოდებს აღიარებს საერთაშორისო რეზერვების ნაწილად. რაიმე მოთხოვნები ოქროს რეზერვებში დამატებაზე ან არ დამატებაზე სსფ-ს არ აქვს. ამ გადაწყვეტილებას თავად ქვეყანა და მისი ცენტრალური ბანკი იღებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ სებ-ის რეზერვებში ოქროს დამატების თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ, სსფ სრულად იყო ინფორმირებული.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.
თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.