"მდგრადი დაფინანსება", ევროკავშირის კომისიის მიხედვით ორ მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს: (1) ფინანსების ისეთი პროექტებისკენ წარმართვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას; და (2) ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესება საინვეტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ფაქტორების გათვალისწინებით. მდგრადი დაფინანსება მოიცავს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და მიტიგაციის, მწვანე და სოციალურ აქტივობებისკენ მიმართულ ფინანსებს, რომელიც, ერთი მხრივ, ორგანიზაციების გრძელვადიან ეკონომიკურ მდგრადობას, ხოლო მეორე მხრივ, ფინანსური სექტორის სტაბილურობას და ამ მიმართულებით მათი როლის ზრდას ემსახურება.
საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებაში ფინანსური სექტორის როლის გაძლიერებას და ამ მიზნით მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს. აღნიშნული ჩარჩო გულისხმობს ფინანსური სექტორისა და კაპიტალის ბაზრის მონაწილეების მიერ სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებას და მათთან დაკავშირებული რისკების მართვას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური სტაბილურობისთვის, ასევე ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის.
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას ისეთი აქტივობების განსაზღვრისათვის, რომლებიც კლიმატის, მწვანე, სოციალური ან მდგრადი მიზნების მიღწევას უწყობს ხელს. ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია მოიცავს მწვანე და სოციალურ ტაქსონომიებს. მწვანე ტაქსონომია წარმოადგენს ისეთი მწვანე აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას და მწვანე ეკონომიკის განვითარებას ემსახურება. მეორე მხრივ, სოციალური ტაქსონომია მოიცავს ისეთ კატეგორიებს, რომელიც სამიზნე ჯგუფების სოციალურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. სამიზნე ჯგუფები მოიცავს სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მიგრანტები, დევნილები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, სიღარიბის ზღვარს ქვემო მყოფი ადამიანები, და ა.შ.
გარემოსდაცვითი ფაქტორები მოიცავს კლიმატის ცვლილების შერბილებას და ადაპტაციას, გარემოს დაბინძურების საკითხებს, ბუნებრივი რესურსების კონსერვაციას, ეკოსისტემის დაცვას, სხვა გარემოსდაცვით საკითხებს და მასთან დაკავშირებულ რისკებს. სოციალური ფაქტორები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა უთანასწორობა, ინკლუზიურობა, შრომითი ურთიერთობები, ადამიანის უფლებების დაცვა, საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ქალთა და გოგონათა გაძლიერება, სიღარიბის შემცირება და ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების დაბანდება. სათანადო მმართველობა, რომელიც მოიცავს მართვის სტრუქტურებს, თანამშრომელთა ურთიერთობებსა და ანაზღაურების პოლიტიკას, აუცილებელი წინაპირობაა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად.
უკვე საერთაშორისოდაა აღიარებული, რომ მდგრადობასთან დაკავშირებული პრობლემები ფინანსური რისკების წყარო შეიძლება გახდეს. ეს რისკები ორი ძირითადი არხით წარმოიქმნება: კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ფიზიკური ზარალი; და დაბალი ემისიის ეკონომიკაზე გადასვლისთვის საჭირო სტრუქტურული ცვლილებები. ფიზიკური და გარდამავლობის რისკები გავლენას ახდენს მაკროეკონომიკურ გარემოზე და შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები გამოიწვიოს.
ფიზიკური რისკი ითვლება მწვავედ, როცა ის გამოწვეულია კლიმატთან და ამინდთან დაკავშირებული მოვლენებით, როგორებიცაა გვალვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ზღვის დონის მატება; ფიზიკური რისკი არის ქრონიკული თუ იგი გამოწვეულია კლიმატის ეტაპობრივი ცვლილებით, როგორიცაა გლობალური დათბობა. ფიზიკური რისკის წყარო შეიძლება იყოს ზემოთ აღწერილი მოვლენების პირდაპირი შედეგი, მაგალითად, როგორიცაა საკუთრების დაზიანება ან პროდუქტიულობის ვარდნა. თუმცა იგი ასევე შეიძლება იყოს არაპირდაპირი შედეგი ისეთი თანმდევი მოვლენებისა, როგორიცაა მიწოდების ჯაჭვის რღვევა.
გარდამავლობის რისკი არის ისეთი ფინანსური რისკი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას დაბალი ემისიის ეკონომიკაზე გადასვლისათვის საჭირო ცვლილებების განხორციელების შედეგად. გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ტექნოლოგიებისა და ბაზრის განწყობის ცვლილების შედეგად, შეიძლება გადაფასდეს ისეთი აქტივები, როგორებიცაა აქციები, ობლიგაციები, დერივატივები და ეკონომიკაში არსებული კაპიტალის სხვა ფორმები. ის თუ რა ტემპით მოხდება გადაფასება ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ამან შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ფინანსურ სტაბილურობაზე და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობაზე.