ფინანსური სტაბილურობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ფინანსურ სისტემას შესწევს უნარი ბაზრის მონაწილეებს მიაწოდოს მომსახურება როგორც კარგ, ასევე სტრესის პირობებში. ამისათვის საჭიროა ფინანსური შუამავლობის და საბაზრო ინფრასტრუქტურის (საგადახდო სისტემების) ეფექტიანი ფუნქციონირება, ფინანსური სისტემის მდგრადობა შოკების მიმართ და სისტემური რისკების შემცირება. ფინანსური სტაბილურობა ასევე გულისხმობს ფინანსური სექტორის განვითარებას და ფინანსური ბაზრების გაღრმავებას.
ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციულ პოლიტიკას ახორციელებს. სისტემური რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მონიტორინგის გზით ეროვნული ბანკი შეიმუშავებს საპასუხო პოლიტიკას ამ რისკების შემცირებისთვის, რითაც ხელს უწყობს ფინანსური სისტემის მდგრადობის ზრდას.
იმისათვის, რომ მაკროპრუდენციული პოლიტიკა იყოს ქმედითი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, საჭიროა შუალედური მიზნების დასახვა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ESRB/2013/1-ის რეკომენდაციებისა და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით მაკროპრუდენციული პოლიტიკის ხუთი შუალედური მიზანი განსაზღვრა. ეს შუალედური მიზნები მოიცავს სისტემური რისკების როგორც ციკლურ, ასევე სტრუქტურულ განზომილებებს და შემდეგი სახით ყალიბდება:
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტებია კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერები, რომლებიც დანერგილია ბაზელ III-ის სტანდარტისა და ევროკავშირის საზედამხედველო ჩარჩოსთან დაახლოების ფარგლებში. მაკროპრუდენციული პოლიტიკის მიზნებისთვის ეროვნული ბანკი ასევე იყენებს სესხის მომსახურებისა და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტებსა და სხვა ინსტრუმენტებს. გადაწყვეტილება კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ დამოკიდებულია შუალედურ მიზანზე. თუმცა, თითოეული ინსტრუმენტი შესაძლოა გამოყენებული იქნეს რამდენიმე მიზნის მისაღწევად.
კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი დანერგილია ბაზელ III-ის ჩარჩოს ფარგლებში და წარმოადგენს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს. კონტრციკლური ბუფერი გამოიყენება ფინანსური სისტემის პროციკლურობის შესამცირებლად. დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა წესდება ჭარბი დაკრედიტების პერიოდში, ხოლო ამ მოთხოვნისაგან გათავისუფლება ან მისი შერბილება ხდება ფინანსური სტრესის პერიოდში. კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი მიზნად ისახავს საბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, მის ზარალისაგან დაცვასა და ფინანსური ციკლის მერყეობების შერბილებას.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეგულარულად აფასებს და აანალიზებს სისტემურ რისკებს, ფინანსური სექტორის ციკლურ პოზიციას და ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს კაპიტალის კონტრციკლური ბუფერისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტების შესახებ.
ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში, მაკროპრუდენციული პოლიტიკა ურთიერთდაკავშირებულია მონეტარულ პოლიტიკასთან და მიკროპრუდენციულ ზედამხედველობასთან. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამ პოლიტიკას განსხვავებული, ცხადად განსაზღვრული მიზნები გააჩნია, ისინი გარკვეულწილად ერთმანეთს ავსებს. მაკროპრუდენციული და მონეტარული პოლიტიკების მიზნები, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობა და ფასების სტაბილურობა, ერთიმეორის გარეშე რთულად მიღწევადია. ამასთან, მაკრო- და მიკროპრუდენციული პოლიტიკების ერთობლივი მიზანია უფრო სტაბილური და მდგრადი ფინანსური სისტემის შექმნა, რაც მაკროპრუდენციული პოლიტიკისთვის მთლიანი ფინანსური სისტემის სტაბილურობას გულისხმობს, ხოლო მიკროპრუდენციული პოლიტიკისათვის - ინდივიდუალური ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობას.
ზოგიერთ შემთხვევაში, მონეტარულ და მიკროპრუდენციულ პოლიტიკებს შესაძლოა ჰქონდეთ მაკროპრუდენციული პოლიტიკისაგან განსხვავებული ხედვები ან არასასურველი გვერდითი ეფექტები. ეს გამოწვეულია ისეთი ობიექტური გარემოებებით, როგორიცაა, მაგალითად, ბიზნეს ციკლსა და ფინანსურ ციკლს შორის განსხვავება. შესაბამისად, აღნიშნულ პოლიტიკებს შორის სწორი კოორდინაცია და სათანადო ურთიერთკავშირი არსებითია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.
თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.