ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შპს „შერ888“-ისთვის (ს/ნ 405531740) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შპს „შერ888“-ის (ს/ნ: 405531740) დაჯარიმება 465 000 (ოთხას სამოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:

    • პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა, რომლისთვისაც „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის №133/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) 2 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმა, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;
    • პროვაიდერის მხრიდან დაირღვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის  მე-9 ქვეპუნქტი (საქმიანობის განხორციელება ვიდეო მეთვალყურეობის გამართული ფუნქციონირების გარეშე), რაც ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
    • დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „კანონი“) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რაც ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს ჯარიმას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 3 000 (სამი ათასი) ლარი;
    • პროვაიდერის მხრიდან არ მომხდარა კლიენტთან მიმართებით საქმიანი ურთიერთობის მიზნის და განზრახული ხასიათის დადგენა. რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს ჯარიმას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებით. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 78 000 (სამოცდათვრამეტი ათასი) ლარი;
    • პროვაიდერის მხრიდან დარღვეულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევა (3 კლიენტის შემთხვევაში ვერ დასტურდება, რომ მათი ვერიფიკაცია განხორციელდა ვალიდური დოკუმენტით (შესაბამისი ვადის დოკუმენტის ასლზე არარსებობის გამო), ხოლო 1 კლიენტის შემთხვევაში პროვაიდერმა ვერ წარმოადგინა კლიენტის ვერიფიკაციისათვის განკუთვნილი ინფორმაცია/დოკუმენტი). რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
    • პროვაიდერმა არ განახორციელა კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, გარიგების, საქმიანობის, ქონების ან/და ფულადი სახსრების/ვირტუალური აქტივის წარმომავლობის შესწავლა. რაც, ჯარიმის წესი მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებით. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი;
    • შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობით, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის(შემდგომში – სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი) მე-2 მუხლით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს პირების/ვირტუალური აქტივის მისამართების ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქცია დაკისრებულ პირთა/ვირტუალური აქტივის მისამართების სიებში, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევა, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
    • 528 (ხუთას ოცდარვა) ოპერაციების (გარიგებების) შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან დარღვეულ იქნა სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვისთვის დადგენილი მოთხოვნები. რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს ჯარიმას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 264 000 (ორას სამოცდაოთხი ათასი) ლარი;
    • შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთათვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება, კერძოდ აქტში ასახული არასწორი/მცდარი, არასრულყოფილი, და გაუგებარი ინფორმაციის მოწოდებამ გამოიწვია შემოწმების ვადის გახანგრძლივება და შეაფერხა  შესასწავლი კლიენტების შერჩევის და მათი ოპერაციების ანალიზის პროცესი, რაც ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს ჯარიმას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;