ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „დავითი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406206966) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება
განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „დავითი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406206966) დაჯარიმება ჯამში 49,050 (ორმოცდაცხრა ათას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, კერძოდ:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №27/04 ბრძანებით - დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, და აგრეთვე „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, ანგარიშვალდებულმა პირმა, რომელიც საქმიანობას დაიწყებს ამ ბრძანების ამოქმედების შემდგომ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის შევსებული ფორმა საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 დღისა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2017 წლის 15 მაისს. მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა პირველადი აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგინა დაგვიანებით, 2025 წლის 31 მაისს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–5 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად (2017 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), ითვალისწინებს დაჯარიმებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 15 (თხუთმეტი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 05 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარი;
კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 3 (სამი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 6,000 (ექვსი ათასი) ლარი;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით. ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, აგრეთვე ვერ ახდენს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.