საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11.0 პროცენტზე ტოვებს

11 მაისი, 2022

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 11 მაისს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

 

ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ გაზრდილი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. მაშინ, როდესაც 2022 წელი გლობალურად ინფლაციური პროცესების დარეგულირების პერიოდად მოიაზრებოდა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ახალ რისკებს დაუდო სათავე. კერძოდ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ეკონომიკებში, ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსოფლიო მასშტაბით გაზრდილი ფასები საქართველოს ბაზარსაც გადმოეცა და ინფლაცია, მიუხედავად წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებისა, მაღალ დონეზე (12.8 პროცენტი) დარჩა. რომ არა ზემოხსენებული ახალი შოკი, ინფლაციის სწრაფი შემცირების ტრაექტორია იყო მოსალოდნელი. გასათვალისწინებელია, რომ, მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საგარეო სექტორის პერსპექტივა კვლავ გაურკვევლობის შემცველია. ამავე დროს, ბოლო პერიოდში ლარის გამყარებამ იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი. ამასთან, მართალია ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპი ბოლო პერიოდში გაიზარდა,  ჯამურ პროდუქტიულობას აღდგენის დინამიკა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შრომის ბაზრიდან ინფლაციაზე მნიშვნელოვანი წნეხი არაა. მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა, წინა წლის ერთჯერადი ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე, მას შემცირების მიმართულება ექნება.

 

მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ნარჩუნდება, მათ შორის ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო მეორე მხრივ - უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზე. შესაბამისად, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აშშ დოლარით მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე დარიცხვას ფიქსირებულად 0 პროცენტზე შეინარჩუნებს. საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპის შესამცირებლად, ეროვნული ბანკი დამატებით ზომებსაც მიღებს, მათ შორის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის არსებული ზედა ზღვრის (ამჟამად - 25%) ზრდის ჩათვლით. ამავე დროს, მოსალოდნელია, რომ ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები ხელს შეუწყობს სამომხმარებლო სესხების ზრდის არსებული მაღალი ტემპების ეტაპობრივ კლებას.

 

რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, განახლებული პროგნოზებით, 2022 წელს 4.5 პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია. ინფლაციური რისკების მატების ფონზე, გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, 2022 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი აღდგენის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, საომარი მოქმედებების ფონზე, ამ მიმართულებით რისკები მაღალია. წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად დაახლოებით 43 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები ანალოგიურ პერიოდში, წლიურად დაახლოებით 7.4-ჯერაა გაზრდილი, თუმცა 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირება კვლავ მნიშვნელოვანია (32 პროცენტი). გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც - 2022 წლის იანვარ-მარტში წლიურად 36 პროცენტით.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 22 ივნისს ჩატარდება.

 

 

სხვა სიახლეები