სახაზინო ვალდებულება არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ერთ წლამდე ვადიანობის დისკონტური ფასიანი ქაღალდი, რომელიც იყიდება დისკონტით, ანუ ნომინალზე დაბალ ფასად. დისკონტის სიდიდე განისაზღვრება აუქციონზე. სახაზინო ვალდებულების მფლობელი დაფარვის ვადის დადგომისას ფინანსთა სამინისტროსგან იღებს ნომინალის ტოლ თანხას. სხვაობა ნომინალსა და შესყიდვის ფასს შორის წარმოადგენს მფლობელის შემოსავალს.
სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალი–ზებული ფორმით. ეს იმას ნიშნავს, რომ სახაზინო ვალდებულებები არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მათ შესახებ ინფორმაცია ინახება ბანკში ელექტრონული ჩანაწერის სახით.
სახაზინო ვალდებულებებს უშვებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
სახაზინო ვალდებულებების გაყიდვა ხდება აუქციონის მეშვეობით. აუქციონი ტარდება მრავალი ფასის მეთოდით. მრავალი ფასის მეთოდი გულისხმობს შემდეგს: კონკურენტულ აუქციონში მონაწილე ინვესტორები აუქციონის განაცხადში უთითებენ, თუ რა შემოსავლანობის მიღება სურთ მათ ინვესტიციაზე (ანუ უთითებენ საპროცენტო განაკვეთს). გამარჯვებული განაცხადები კმაყოფილდება განაცხადში მითითებული საპროცენტო განაკვეთით. თავდაპირველად დაკმაყოფილდება ის განაცხადები, სადაც დაბალი საპროცენტო განაკვეთებია მითითებული, შემდგომ უფრო მაღალი და ა.შ. მანამ სანამ მთლიანად არ გაიყიდება აუქციონზე გამოტანილი ფასიანი ქაღალდები.
აუქციონს ატარებს საქართველოს ეროვნული ბანკი ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით. აუქციონს წარმართავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბაზრო ოპერაციების ჯგუფი, რომელიც შედგება ეროვნული ბანკის თანამშრომლებისგან. საბაზრო ოპერაციების ჯგუფი არის სპეციალურად შექმნილი პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ატარებს ეროვნული ბანკის ყველა მონეტარულ ოპერაციას და ასევე სახაზინო ვალდებულებების აუქციონებს.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, ისევე როგორც ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტი, ფიზიკური და იურიდულ პირს შეუძლია შეიძინოს კომერციული ბანკის მეშვეობით, პირველად ან მეორად ბაზარზე. ამისთვის მყიდველმა უნდა მიმართოს იმ კომერციულ ბანკს, რომელიც შემოგვთავაზებს ყველაზე საუკეთესო პირობებს და გახსნას ფასიანი ქაღალდის ანგარიში.
პირველად აუქციონებზე მონაწილეობა შეუძლია ყველას. ამისათვის მსურველმა უნდა მიმართოს კომერციულ ბანკებს ან საბროკერო კომპანიებს. კომერციული ბანკები კლიენტების სახელით წარადგენენ განაცხადებს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე. კლიენტის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდი პირდაპირ ჩაირიცხება კლიენტის პირად ანგარიშზე.
პირველად აუქციონზე შესაძლებელია მინიმუმ ერთი ფასიანი ქაღალდის ყიდვა, რომლის ნომინალური ღირებულება 1 000 ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში, კლიენტმა უნდა წარადგინოს არაკონკურენტული განაცხადი. არაკონკურენტული განაცხადები არის სწორედ წვრილი ინვესტორებისათვის. ასეთი განაცხადით ისინი ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით. აუქციონის დასრულებისას, არაკონკურენტული განაცხადები პირველ რიგში კმაყოფილდება. ანუ მათ კონკურენტულთან შედარებით პრიორიტეტი აქვთ მინიჭებული. მათთვის "დაჯავშნილია" მთლიანი ემისიის მეოთხედი (25%), რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ წვრილი ინვესტორების განაცხადები პირველ რიგში და პრაქტიკულად, გარანტირებულად დაკმაყოფილდება.
თუ კლიენტს სურს კონკურენტული განაცხადით მონაწილეობა, მაშინ განაცხადის მინიმალური მოცულობა არის 50 000 ლარი. კონკურენტული განაცხადები არის მსხვილი ინვესტორებისთვის, რომლებიც უკეთ არიან გათვითცნობიერებული ბაზრის კონიუნქტურაში და შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თუ რა ფასით შეიძლება გაიმარჯვონ აუქციონზე. თუმცა ამ შემთხვევაში განაცხადის არ დაკმაყოფილების რისკი უფრო დიდია.
აუქციონში მონაწილეობისათვის კლიენტი მიმართავს კომერციულ ბანკს. მოქმედი დებულების თანახმად, კომერციული ბანკი ვალდებულია თავისი კლიენტებისთვის შეიმუშავოს სახაზინო ვალდებულებებით ოპერაციების პროცედურები, რომელიც მოიცავს მომსახურების ტარიფებს, განაცხადის ფორმებს და სტანდარტულ ხელშეკრულებებს. კლიენტი პროცედურების მიხედვით ავსებს ფორმებს, რის შემდეგაც კომერციული ბანკი აუქციონზე ყიდულობს ფასიან ქაღალდს კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად.
ბანკს აქვს ვალდებულება კლიენტების და საკუთარი განაცხადები გააგზავნოს ცალ-ცალკე. ბანკებს ეკრძალებათ თავიანთი კლიენტების განაცხადების ინფორმაცია გამოიყენონ აუქციონზე საკუთარი განაცხადის გაკეთების პროცესში. ბანკმა შიდა პროცედურებით უნდა უზრუნველყონ თავისი კლიენტების განაცხადების დამუშავება ისე, რომ ეს ინფორმაცია არ იქნას გამოყენებული ბანკის მიერ აუქციონზე საკუთარი სახელით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვაზე გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ასევე უზრუნველყოფილია ტექნიკურადაც, სისტემის მეშვეობით. ბლუმბერგის აუქციონის სისტემაში ბანკის კლიენტის და ბანკის საკუთარი განაცხადების წარდგენა ხდება ცალ-ცალკე. ბანკის თანამშრომელი, რომელიც ბანკის განაცხადებს აგზავნის, ვერ ხედავს კლიენტის განაცხადებს და პირიქით. ისეთ შემთხვევას, რომ ბანკის განაცხადს გაემარჯვოს და კლიენტის განაცხადი არ დაკმაყოფილებულიყოს, დღემდე ადგილი არ ჰქონია.
ფასიანი ქაღალდის მფლობელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მათ შორის კომერციული ბანკი, ასევე რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი. ფასიან ქაღალდს შესაძლოა ყავდეს ნომინალური მფლობელი - ბაზრის შუამავალი, რომელსაც მესაკუთრე წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს რეესტრში სახაზინო ვალდებულებების თავის სახელზე აღრიცხვის და მათი განკარგვის (ყიდვის, გაყიდვის, დაგირავების) უფლებას.
ფასიანი ქაღალდის მეორად ბაზარზე შესაძენად მსურველმა უნდა მიმართოს კომერციულ ბანკს.
მეორად ბაზარზე ძირითადი აქტივობა ფიქსირდება რეპო ოპერაციებზე. 2015 წელს რეპო ბაზარზე წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2,6-ჯერ აღემატება ფასიანი ქაღალდების საერთო მოცულობას (1,7 მილიარდი ლარი). აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე სტატისტიკის სექციაში.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკი შეუზღუდავად იღებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს გირაოდ მონეტარულ ოპერაციებში კომერციული ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდებისას, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების მაღალ ლიკვიდურობას.
კლიენტს საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დააგირაოს ფასიანი ქაღალდები ბანკთან და ისესხოს მოკლევადიანი თანხა ეროვნული ბანკის პოლიტიკის განაკვეთთან მიახლოებული პროცენტით. ანუ ლიკვიდობის სამართავად გამოიყენოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების ინსტრუმენტი, ისევე როგორც ამას აკეთებენ კომერციული ბანკები.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება.
ფასიანი ქაღალდის მფლობელისთვის, რომელიც სახაზინო ვალდებულებას ინახავს ყიდვის დღიდან მისი ვადიანობის ამოწურვამდე, შემოსავალი არის ამ ფასიანი ქაღალდის ნომინალსა და შესყიდვის ფასს შორის სხვაობის ტოლი. თუკი მფლობელი ფასიან ქაღალდს გაყიდის ვადიანობის ამოწურვამდე, ამ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდის ფლობიდან შემოსავალი არის მისი ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა.
კონკურენტული განაცხადი მონაწილეობს აუქციონში და გამარჯვების შემთხვევაში კმაყოფილდება განაცხადში მითითებული ფასით; არაკონკურენტული განაცხადი არ მონაწილეობს აუქციონში და კმაყოფილდება აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით. კონკურენტული განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50,000 ლარს, ხოლო ერთი არაკონკურენტული განაცხადის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 20,000 ლარს.
ყოველი კვარტლის დაწყებამდე ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ემისიის კალენდარს მომდევნო სამი თვისთვის, რომელიც მოიცავს ინფორმაციას აუქციონის ჩატარების თარიღების, სახაზინო ვალდებულებების ემისიის ვადიანობისა და მოცულობის შესახებ.
აუქციონამდე არანაკლებ ხუთი კალენდარული დღით ადრე ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის ჩატარების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და სამინისტროს ვებგვერდზე.
აუქციონის შედეგების ამსახველი ძირითადი პარამეტრები ქვეყნდება ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ვებგვერდებზე არაუგვიანეს აუქციონის ჩატარების დღისა.
ამის შესახებ კომერციული ბანკი აცნობებს საკუთარ კლიენტს;
ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასის გაგება შესაძლებელია კომერციული ბანკების ვებგვერდებზე.
ერთი სახაზინო ვალდებულების შესყიდვის ფასი გამოიანგარიშება შემდეგნაირად:
შესყიდვის ფასი = (ნომინალური ღირებულება)/
(1+((საპროცენტო განაკვეთი)/100×(დაფარვამდე დღეების რაოდენობა)/365) )