თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული ბანკნოტები და მონეტები. აგრეთვე, ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები, რომლებზედაც შეინიშნება ნომინალური გადაკეთების კვალი.
საეჭვოდ მიიჩნევა ისეთი ფულის ნიშანი, რომლის ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისობის დადგენა ვერ ხერხდება ადგილზე ან/და არსებობს ეჭვი მისი სიყალბის თაობაზე.
ფულის ნიშნის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ნებისმიერ კომერციულ ბანკს ან საქართველოს ეროვნულ ბანკს.
ბანკი ვალდებულია, სიყალბეზე საეჭვო ფულის ნიშანი არ დაუბრუნოს შემომტანს და შესაბამის ცნობასთან ერთად შემდგომი ექსპერტიზისთვის გადააგზავნოს საქართველოს ეროვნულ ბანკში. ყალბი ფულის ნიშანი ექვემდებარება კონფისკაციას. ამასთან, საეჭვო ფულის ნიშნის მფლობელს უნდა განემარტოს, რომ ჩამორთმეული ფულის ნიშანი შესაძლებელია აღმოჩნდეს გადასახდელად ვარგისი და ფულის ნიშნის შემდგომი ექსპერტიზის მიზნით, მონაწილეობა მიიღოს ცნობის შედგენის პროცესში.
გამოვლენილი ყალბი ფული არ ანაზღაურდება და არ ექვემდებარება დაბრუნებას.
საფინანსო და არასაფინანსო სექტორის წარმომადგენელი ვალდებულია ნაღდი ფულის მიღება-გაცემის ოპერაციებზე უზრუნველყოს მხოლოდ ფულის ნიშნების დამცავი მექანიზმების მცოდნე პირთა დაშვება და ამ მიმართულებით, მათი პერიოდული გადამზადება.
ნაღდი ფულით ანგარიშსწორების, დახურდავების, გამოცვლის, სხვა ვალუტაზე გადაცვლის ან/და შემოწმების ოპერაციების უშუალოდ შემსრულებელმა პირმა, უნდა იცოდეს და სახელმძღვანელოდ მიიღოს ეროვნული ვალუტის ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმები, მათი მიღება-გამოცვლისა და ყალბი/საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენისას მათზე რეაგირების წესები, ასევე, ამ წესითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
ნაღდი ფულით ანგარიშსწორების პროცესში საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენისას:
ა) "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელი (მათ შორის კომერციული ბანკი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ა.შ.) ვალდებულია დადგენილი წესის შესაბამისად შეადგინოს ცნობა და საეჭვო ფულის ნიშანი ცნობასთან ერთად ექსპერტიზის მიზნით გადაუგზავნოს ეროვნულ ბანკს;
ბ) სავაჭრო ან სხვა საქონლის მიმწოდებელი ან მომსახურების გამწევი ობიექტი (არასაფინანსო სექტორის წარმომადგენელი) ანგარიშსწორების პროცესში საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენისას ვალდებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" - ში შეტყობინების მეშვეობით გამოიძახოს სამართალდამცავი ორგანო, რომელიც შემდგომ რეაგირებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სავაჭრო ან სხვა საქონლის მიმწოდებელი ან მომსახურების გამწევი ობიექტი დღის ბოლოს/გადათვლის პროცესში ყალბი ან/და საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებულია, ფულის ნიშანი არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა წარუდგინოს კომერციულ ბანკს ან საქართველოს ეროვნულ ბანკს შემდგომი ექსპერტიზის მიზნით.
საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოტანილ/გამოგზავნილ საეჭვო ფულის ნიშანს უტარდება ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგად:
ა) გამოვლენილი ნამდვილი ეროვნული ვალუტის შესაბამისი თანხა უნაზღაურდება წარმომდგენს, ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ეროვნული ვალუტა არ ანაზღაურდება. ყალბი ფულის ნიშანი რჩება საქართველოს ეროვნულ ბანკში, ხოლო გადასახდელად უვარგისი ეროვნული ვალუტის დაბრუნება ხდება მხოლოდ წარმომდგენის მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ) უცხოური ვალუტის ექსპერტიზის შედეგად გამოვლენილი ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება, რჩება საქართველოს ეროვნულ ბანკში, ხოლო ნამდვილი უცხოური ვალუტა (იგივე ფულის ნიშანი) უბრუნდება წარმომდგენს.
სამართალდამცავი ორგანო, მის მიერ ჩამორთმეული საეჭვო ფულის ნიშანზე შემდგომ რეაგირებას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, ექსპერტიზის შედეგად:
ა) გამოვლენილი ყალბი ფული არ ანაზღაურდება და არ ექვემდებარება დაბრუნებას;
ბ) ლარის ბანკნოტის/მონეტის ნამდვილობის დადგენის შემთხვევაში, მიმოქცევაში მოხვედრისას მისი განმეორებით საეჭვოდ ცნობის თავიდან არიდების მიზნით, სამართალდამცავი ორგანო ახდენს მის გამოცვლას ეროვნულ ბანკში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და ჩამორთმეული ეროვნული ვალუტის შესაბამის თანხას უბრუნებს წარმომდგენს;
გ) უცხოური ვალუტის ბანკნოტის/მონეტის ნამდვილობის დადგენის შემთხვევაში, წარმომდგენს უბრუნდება იგივე ფულის ნიშანი.
არამეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის მიღებაზე.
ფიზიკურ პირს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის ნამდვილობის დადგენის მიზნით, შეუძლია მიმართოს კომერციულ ბანკს ან საქართველოს ეროვნულ ბანკს.
ლარის ბანკნოტების და მონეტების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
გადასახდელად ვარგისად ითვლება ისეთი ბანკნოტი/მონეტა, რომელიც არ იწვევს ეჭვს ნამდვილობაში, შენარჩუნებული აქვს ორიგინალი ზომის 50%-ზე მეტი, შესაძლებელია ნომინალის და მახასიათებლების იდენტიფიცირება; თუ მტკიცდება, რომ მისი შემადგენელი ნაწილები (დახეული და შეწებებული ბანკნოტის შემთხვევაში) მიეკუთვნება ერთსა და იმავე ბანკნოტს.
გადასახდელად უვარგისად მიიჩნევა ლარის ისეთი ბანკნოტი/მონეტა, რომლის ზომაც არ აღემატება ორიგინალი ზომის 50%-ს, ან ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება, დახეული და შეწებებული ბანკნოტის შემთხვევაში, მისი შემადგენელი ნაწილები არ მიეკუთვნება ერთსა და იმავე ბანკნოტს, ან სხვა ისეთი დაზიანების მქონე ბანკნოტები/მონეტები, რომლებიც არ აკმაყოფილებს "ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესის დამტკიცების შესახებ", საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით განსაზღვრულ ვარგისი ბანკნოტების/მონეტების კრიტერიუმებს.
მეწარმე სუბიექტები (გარდა კომერციული ბანკებისა) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, ვალდებულნი არიან ანგარიშსწორების პროცესში ნომინალური ღირებულების მიხედვით შეუფერხებლად მიიღონ ისეთი ბანკნოტები და მონეტები, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი ზომის დეფექტები (ნახევები, წარწერები, ლაქები, დაბინძურება, კოროზია და სხვ.), რომელიც ხელს არ უშლის დამცავი ნიშნების (ბანკნოტზე) და ნომინალის იდენტიფიცირებას, არ ცვლის მონეტის გამოსახულებას, ზომას, ფერს, შესაძლებელია მონეტის იდენტიფიცირება და შენარჩუნებულია ბანკნოტისა და მონეტის ორიგინალური ზომა;
ხოლო ისეთი ბანკნოტებისა და მონეტების გამოცვლა, რომელიც დახეული და შეწებებულია, მაგრამ მტკიცდება რომ შემადგენელი ნაწილები მიეკუთვნება ერთსა და იმავე ბანკნოტს, ან შეცვლილი აქვთ ფერი, შენარჩუნებული აქვთ ზომის 50%-ზე მეტი და შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება, შესაძლებელია კომერციულ ბანკებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.
გადასახდელად უვარგისი ლარის ბანკნოტი/მონეტა ანაზღაურებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლარის ბანკნოტების/მონეტების დაზიანება გამოწვეულია ხანძრის, სტიქიური უბედურებების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებებით, რაც დასტურდება შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით. მათი გამოცვლის საკითხს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განიხილავს და წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.
თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.