Commercial Banks Lend to Georgian Economy 3.8 billion lari
21 August, 2007
2007 წლის ივლისის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 1.5 მლრდ ლარით (62.4 პროცენტით) გაიზარდა და 3.8 მლრდ ლარს მიაღწია. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 62 პროცენტით მოიმატა და 976 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ოდენობა 72 პროცენტით არის გაზრდილი და 1.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება სესხების სტრუქტურას ეკონომიკის დარგების მიხედვით, 2007 წლის პირველი აგვისტოსათვის კომერციულ ბანკებს უშუალოდ ეკონომიკის სექტორების დასაკრედიტებლად ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 550 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43 პროცენტით მეტი) სესხი, ხოლო უცხოური ვალუტით – 1.98 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხები.
საანალიზო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ბანკების მიერ სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორის დაკრედიტება 2.2–ჯერ გაიზარდა და 35.7 მლნ ლარი შეადგინა.
მრეწველობის სექტორისათვის გაცემული სესხების ოდენობა 74 პროცენტით გაიზარდა და 490.7 მლნ ლარი შეადგინა, მშენებლობის დაკრედიტება, შესაბამისად, 67 პროცენტით და 293 მლნ ლარი, ხოლო ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა – 56 პროცენტით და 1.2 მლრდ ლარი.
საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში განათლების სექტორის დაკრედიტება 58 პროცენტით გაიზარდა და აბსოლუტურ ციფრებში 7 მლნ ლარს გადააჭარბა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დაკრედიტება კი – 25 პროცენტით, 10.6 მლნ ლარამდე.
2007 წლის პირველი აგვისტოსათვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკებიდან სასტუმროებისა და რესტორნების ქსელისათვის გაცემული იყო 59 პროცენტით მეტი სესხი და ამ მაჩვენებელმა 49.0 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორის დაკრედიტება 78 პროცენტით, 53 მლნ ლარამდე გაიზარდა.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებითა და ეკონომიკური აქტივობის ამაღლებით, ასევე, მათ მიერ მოზიდული ლიკვიდური სახსრების ოდენობის ზრდითა და ახალი საკრედიტო ხაზების გახსნის შედეგად მიღებული რესურსების მატებით.
საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტება სექტორების მიხედვით
(2007 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით)