გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ანგარიშგება და გამჟღავნება

    გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ანგარიშგება და გამჟღავნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაზრის გამჭვირვალობისა და დისციპლინის ხელშეწყობაში, ასევე მდგრადობასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების ეფექტიან იდენტიფიცირებასა და მართვაში. შესაბამისად, ESG საკითხების ანგარიშგება და ინფორმაციის გამჟღავნება საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია.

    საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისთვის ESG ანგარიშგებისა და ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნებს  კორპორაციული მართვის კოდექსისა და პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის მეშვეობით განსაზღვრავს. ESG ანგარიშგებისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფორმა პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების ნაწილია, ხოლო ESG ანგარიშგებისა და ინფორმაციის გამჟღავნების პრინციპები ფინანსურ ინსტიტუტებს შესაბამისი, თანმიმდევრული და თავსებადი ინფორმაციის გამჟღავნებაში ეხმარება.

    2026 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ESG ანგარიშგებისა და გამჟღავნების განახლებული ფორმა დანერგა, რომელიც ESG ანგარიშგების დანერგვის შემდეგ დაგროვილ გამოცდილებასა და მდგრადობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ანგარიშგებისა და გამჟღავნების სტანდარტებისა და ჩარჩოების განვითარებას ასახავს. განახლებული ფორმა შესაბამისობაშია წამყვან საერთაშორისო მიდგომებთან, მათ შორის ევროპის საბანკო უწყების (EBA, European Banking Authority) პილარ 3-ის ESG გამჟღავნების მოთხოვნებთან, ბაზელის კომიტეტის კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების ნებაყოფლობითი გამჟღავნების ჩარჩოსთან, ფასს (IFRS) მდგრადობის გამჟღავნების S1 და S2 სტანდარტებთან, გლობალური ანგარიშგების ინიციატივასთან (GRI), ბუნებასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების სამუშაო ჯგუფის (TNFD) რეკომენდაციებთან და ევროპის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტებთან (ESRS). ფორმა ეფუძნება ორმაგი მატერიალურობის მიდგომას და აერთიანებს ინფორმაციის გამჟღავნებას მმართველობის, სტრატეგიის, რისკების მართვის, მაჩვენებლებისა და მიზნების მიმართულებით, მათ შორის მოიცავს კლიმატის ფიზიკურ და გარდამავლობის რისკებთან დაკავშირებულ რაოდენობრივ ინფორმაციასა და გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მაჩვენებლების უფრო ფართო სპექტრს.

    კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ შევსებული ESG ანგარიშგებისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფორმები ყოველწლიურად ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, რაც ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ESG საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. გამჟღავნებული ინფორმაცია ასევე ეხმარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ESG საკითხების ინტეგრირებისა და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით მიღწეული პროგრესის მონიტორინგსა და შეფასებაში.