Available only in Georgian

Available only in Georgian

25 June, 2007
  2007 წლის მაისში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული ვაჭრობების საერთო მოცულობამ 98 965 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.   ამ პერიოდში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე  უცხოური ვალუტის მიწოდება სჭარბობდა მოთხოვნას. მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ვაჭრობაში მიიღო მონაწილეობა – 19 შემთხვევაში, როგორც უცხოური ვალუტის შემსყიდველმა. საერთო ჯამში, ვაჭრობებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 90.2 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა და 4.5 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციები მიმართული იყო ლარის გაცვლის კურსის მკვეთრი გამყარების თავიდან ასაცილებლად.   მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით, მაისში ლარის ნომინალური გაცვლის კურსი აშშ დოლარის მიმართ, თვის ბოლო მონაცემებით 0.7 პროცენტით, ხოლო თვის საშუალო მონაცემებით 0.6 პროცენტით გამყარდა.  საანალიზო პერიოდში, თვის საშუალო მონაცემებით, ლარის ნომინალური გაცვლის კურსი, დაეცა თურქული ლირისა და სომხური დრამის მიმართ. იმავდროულად, ლარი გამყარდა ყველა დანარჩენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტების მიმართ. შედეგად, გამყარდა ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსიც, თუმცა აპრილის მონაცემთან შედარებით, უმნიშვნელოდ – 0.1 პროცენტით.   მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის მაისთან შედარებით, 2007 წლის მაისში ლარის საშუალო თვიური ნომინალური გაცვლის კურსი აშშ დოლარის მიმართ 6.8 პროცენტით გამყარდა, საანალიზო პერიოდში ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსის გამყარებამ მხოლოდ 2.5 პროცენტი შეადგინა.   2007 წლის აპრილის ბოლოდან  მაისის შესაბამის პერიოდამდე ლარის გაცვლის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.6900 ნიშნულიდან, თანდათანობით 1.6780-მდე შეიცვალა.  ბირჟაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე კი შესაძლოა კურსის გამყარება უფრო მყისიერი და მკვეთრი ყოფილიყო.   მაისის ბოლოს, ამოქმედდა ბანკთაშორისი სავალუტო ვაჭრობის შუადღის სესიები. 31 მაისს გაიმართულ შუადღის სავაჭრო სესიაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  5 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.   2007 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლის კურსი 1.3 პროცენტით, ხოლო 2006 წლის მაისთან შედარებით 2.7 პროცენტით გამყარდა. 2006 წლის მაისიდან მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდამდე ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსი 2.5 პროცენტით გამყარდა.   ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლის კურსები 2005 წლის დეკემბრის შემდეგ უმნიშვნელოდ არის შეცვლილი. კერძოდ, 2007 წლის მაისში, 2005 წლის დეკემბერთან შედარებით, რეალური ეფექტური გაცვლის კურსი 0.6 პროცენტით გამყარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსი 1.5 პროცენტით დაეცა.