27 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკი ატარებს სემინარს თემაზე: „ბიზნესუწყვეტობის კონცეფცია, მაღალმდგრადი და სწრაფაღდგენადი სისტემები საბანკო სექტორში“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანია „VERITAS“-ის, „IBM“-ის, „HP“-ის, „SUN“-ისა და „APC“-ის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ღლონტის განცხადებით, „ნებისმიერ კომპანიაში გარკვეულ ეტაპზე აუცილებელი ხდება ახალი სისტემების დანერგვა. დღევანდელ საბანკო სისტემაში განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას იძენს ბანკის საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფის საკითხი და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარება. აღნიშნული სემინარი ხელს შეუწყობს კომერციული ბანკების ტექნოლოგიური ნაწილის გაძლიერებას, რისკების მინიმიზაციას და კრიზისული სიტუაციების ეფექტურ მართვას“.
საქართველოს კომერციული ბანკების ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერები მოისმენენ მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის „VERITAS“-ის მენეჯერების ალექსანდრე პროხოროვის და პაველ ხრაპკინის პრეზენტაციას თემაზე: „ბიზნესის უწყვეტობის კონცეფცია და მისი აუცილებლობა საბანკო სექტორში“. სემინარის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, კომპანიების „UGT“-ის, „ALTA“-სა და „Delta-Comm“-ის თანამშრომლები მონაცემთა შენახვის ტექნოლოგიების, სერვერული გადაწყვეტილებების, უწყვეტი ელექტრომომარაგების სისტემებისა და სხვა საკითხების შესახებ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციისა და მონაცემთა ბაზის დაცვის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში ეროვნულ ბანკში დაინერგა მაღალმდგრადი და სწრაფაღდგენადი სისტემა, რომელიც მისი დანერგვის სტანდარტულ გადაწყვეტასთან შედარებით ტექნოლოგიურად უფრო მოსახერხებელი და ფინანსურად გაცილებით მომგებიანია.
ბიზნესუწყვეტობა – საჭიროების შემთხვევაში ბანკის ფუნქციონირების უწყვეტობის შენარჩუნება;
მაღალმდგრადი სისტემები – ნებისმიერი ფორსმაჟორული სიტუაციის (სტიქიური უბედურება, ფიზიკური დაზიანება, ტერორისტული აქტი და ა. შ.) მიმართ მდგრადობა;
სწრაფაღდგენადი სისტემები – სისტემის დაზიანების შემთხვევაში მისი უმოკლეს ვადებში (მსოფლიო სტანდარტებით გათვალისწინებული) აღდგენა.