საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის მოწვევით საქართველოში სამდღიანი ვიზიტით თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი სურეია სერდენგეთჩი ჩამოდის.
სურეია სერდენგეთჩის საბანკო საქმის უდიდესი გამოცდილება აქვს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფქტი, რომ მან თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე ბანკში 25 წელი იმუშავა – 1980 წლიდან დღემდე. ამ ხნის მანძილზე მუშაობდა ცენტრალური ბანკის ყველა საკვანძო სტრატეგიულ თანამდებობაზე.
მისი მმართველობის პერიოდში გახდა შესაძლებელი თურქეთში ათწლეულების განმავლობაში დაუძლებელი მაღალი ინფლაციის პრობლემის გადაჭრა.
სურეია სერდენგეთჩი თურქეთში განხორციელებული წარმატებული ფულადი რეფორმის ავტორია. 2006 წლის 1-ლი იანვრიდან თურქული ლირის დენომინაციის შემდეგ, როდესაც მას ჩამოაკლდა ექვსი ნული, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მდგომარეობა შეაფასა, როგორც ყველაზე მდგრადი ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
თურქეთში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. თურქული ლირის დენომინაციის შემდეგ, როდესაც მას ჩამოაკლდა ექვსი ნული, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მდგომარეობა შეაფასა, როგორც ყველაზე მდგრადი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მან თანხმობა განაცხადა მორიგი სამწლიანი სესხის გამოყოფის შესახებ 10 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით, რაც თურქეთს ევროკავშირში შესვლაში დაეხმარება. გასული წლის 11 მაისს თურქეთმა სესხის პირველი ტრანში მიიღო. 2001 წელს თურქეთში განვითარებული საფინანსო კრიზისის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკის სტაბილიზაციის პროგრამა ხორციელდება. პროგრამის დაწყების შემდეგ თურქეთში წარმოებული რეალური მშპ-ის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაჩვენებლის ზრდის ტემპით თურქეთი არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს უსწრებს, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილსაც იკავებს.
თურქეთის სახელმწიფო საგეგმო ორგანიზაციის პროგნოზით, ქვეყანაში წარმოებული მშპ 2015 წლისათვის, 2004 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდება (გაიზრდება 82%-ით, ანუ საშუალოდ წელიწადში 6%-ით). თურქეთის ეროვნული მეურნეობა მსოფლიოს ოცი უმსხვილესი ეროვნული მეურნეობის რიცხვში შედის. მშპ-ის ზრდამ და განსაკუთრებით კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოების მოცულობების მატებამ თურქეთს შესაძლებლობა მისცა, 2001 წელთან შედარებით, 2005 წლისათვის თითქმის გაეორმაგებინა საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები (აღნიშნულმა ზრდამ 120% შეადგინა). ამ მაჩვენებლით თურქეთი ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში. განსაკუთრებით მაღალი ტემპით იზრდება ვაჭრობის მაჩვენებლები თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის.
თურქეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი საგარეო სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, თურქეთი ბრუნვის მოცულობის მიხედვით მეორე ადგილზეა. საგარეო სავაჭრო ბრუნვაში თურქეთს მხოლოდ რუსეთი უსწრებს. მისი წილი საგარეო ვაჭრობის 3.358 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის მთლიან სტრუქტურაში 12,1%-ს შეადგენს. 2005 წლის განმავლობაში, საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ, 404.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, ექსპორტის ოდენობამ 122 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტისამ – 283 მლნ აშშ დოლარი. (მონაცემები აღებულია საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტიდან)
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 97%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ექსპორტის მოცულობა 91%-ით, ხოლო იმპორტი 125%-ით გაიზარდა.
1997 წლიდან 2006 წლის 1 იანვრამდე თურქეთიდან საქართველოში დაახლოებით 175 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
საქმიანი თანამშროლობა წარმატებით მიმდინარეობს ენერგოსექტორში, სოფლის მეურნეობაში, საბანკო და სატელეკომუნიკაციო სფეროებში.
თბილისში მოქმედებს თურქეთის რესპუბლიკის სს „ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალი. მისი მთლიანი აქტივები 2006 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 15,5 მილიონი ლარია. რაც შეეხება ვალდებულებებს, იგი 7,5 მილიონი ლარია.
ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მოქმედებს კომპანია „ჯეოსელი“, რომელმაც უკვე 77 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია დააბანდა. ამავე კომპანიას დაგეგმილი აქვს კაპიტალდაბანდების 130 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა. თბილისის აეროპორტის მშენებლობა-რეკონსტრუქციას ახორციელებს კომპანიები „ტავი“ და „ურბანი“, რომელიც 60 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტირებას მოახდენს.
საქართველოში მოქმედი სხვა მსხვილი თურქული ფირმებია: მინის მწარმოებელი კომპანია „შიშე ჯამი“, „ჯეო-ნიტრო“, „ქოქაზუს გლას-ალუმინიუმ“, ფქვილისა და პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი შპს „გულისთანი“, შპს „ჯი-ემ პი“, შპს „დოღანი“, „თურქეთის ავიახაზები“.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგ მოეწყობა ბრიფინგი მასმედიის წარმომადგენლებისათვის. 17 თებერვალს სასტუმრო „შერატონ-მეტეხი-პალასში“ თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი სურეია სერდენგეჩთი გამართავს პრეზენტაციას თემაზე – „მონეტარული ვითარება თურქეთში და ცენტრალური ბანკის როლი ამ პროცესში“.
თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მოინახულებს თურქული კომერციული ბანკის „ზირაათბანკის“ თბილისის ოფისს, შემდეგ ქართველ კოლეგასთან ერთად საქართველოში მოქმედი თურქული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო კანცელარიაში.