Available only in Georgian

Available only in Georgian

23 February, 2006
  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ  ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფის (FATF) თავმჯდომარეს წერილით მიმართა, რომელშიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ უკანონო საფინანსო სტრუქტურებთან რუსული კომერციული ბანკების არალეგალური თანამშრომლობის გამო, ამ ორგანიზაციის წინაშე რუსეთის ფედერაციის, როგორც FATF-ის წევრი ქვეყნის მიმართ მკაცრი გაფრთხილების და სათანადო სანქციების გამოყენების საკითხი დააყენა.   აღნიშნავს რა FATF-ის განსაკუთრებულ როლს მსოფლიოში ფულის გათეთრებასთან, ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლასა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაში, წერილში რომან გოცირიძე  ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე.   საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და განიხილავს საქართველოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად მისი ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, რაც არაერთხელ იქნა დაფიქსირებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისი იურისდიქციის განხორციელება და საბანკო საქმიანობის რეგულირება. „მიუხედავად ამისა, საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების გამო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, ვერ ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზეთის საბანკო სისტემა მოქმედებს სრულიად ავტონომიურად და უკანონოდ“, -აღნიშნულია  FATF-ის თავმჯდომარის მისამართით გაგზავნილ წერილში.   საქართველოს ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის სახელმწიფო და კომერციულ ბანკებს დამყარებული აქვთ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის საბანკო და საფინანსო სტრუქტურებთან, რომელთა დახმარებით აფხაზეთში ხორციელდება მნიშვნელოვანი მოცულობით შავი ფულის გათეთრება. რუსეთის ბანკები აფხაზეთის უკონტროლო ტერიტორიას და მის ბანკებს იყენებენ თავიანთი არაკეთილსინდისიერი მიზნების შესანიღბად და საერთაშორისო ნორმებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისაგან თავის ასარიდებლად. კერძოდ, აფხაზეთის ბანკები სარგებლობენ რუსეთის ბანკების საკრედიტო და საანგარიშსწორებო მომსახურებით და ჩართულნი არიან ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემებში რუსეთის ბანკთაშორისი საგადამხდელო სისტემების მეშვეობით. ამ სისტემებისა და რუსული ბანკების მეშვეობით აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შეუძლია აწარმოოს ფინანსური ოპერაციები პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.   რუსეთის საბანკო სისტემასთან ფინანსური ურთიერთობები დამყარებული აქვთ არა მხოლოდ კომერციულ ბანკებს, არამედ, აფხაზეთის ე.წ. ეროვნულ ბანკსაც, რაც აშკარად ეწინააღმდეგება დსთ-ის წევრ-სახელმწიფოთა მიერ 1995 წელს მიღებულ მემორანდუმს, ასევე დსთ-ის წევრ სახელმწიფოთა მიერ 1996 წლის 19 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას „აფხაზეთის კონფლიქტის რეგულირების ზომების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ხელმომწერმა მხარეებმა აღიარეს რა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აიღეს ვალდებულება არ აწარმოონ სავაჭრო-ეკონომიკური, ფინანსური, სატრანსპორტო და სხვა სახის ოპერაციები აფხაზეთის მხარის არალეგიტიმურ სახელისუფლებო სტრუქტურებთან საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე. ამდენად, რუსეთის ფედერაციის საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებიც თანამშრომლობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ არალეგიტიმურ ბანკებთან, აგრეთვე რუსეთის ცენტრალური ბანკი და რუსეთის მთავრობა, რომლებიც თვალს ხუჭავენ მათი ზედამხედველობის სფეროში მყოფი სტრუქტურების კონტაქტებზე აფხაზეთის სახელისუფლებო, სამეურნეო და საფინანსო სუბიექტებთან, ფაქტობრივად, უგულებელყოფენ, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ისე თვით რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას და რუსეთის ცენტრალური ბანკის დებულებით გათვალისწინებულ ნორმებსაც.          რუსეთის ფედერაციის კომერციული ბანკების მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სტრუქტურებთან თანამშრომლობისა და უკანონო საქმიანობის აღკვეთის მოთხოვნით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ არაერთხელ მიმართა რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეს პრობლემა სხვადასხვა საერთაშორისო საბანკო ფორუმზეც დააყენა.    ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე გამოთქვამს შეშფოთებას, რომ მსოფლიო საბანკო წრეებისა და ფინანსური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის სრულიად უცნობი, არაეფექტური მარეგულირებელი ნორმების მოქმედების და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის არარსებობის პირობებში, სათანადო ზედამხედველობისა და ინსპექტირების მიღმა დარჩენილ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ საფინანსო ინსტიტუტებში შექმნილია უაღრესად ნოყიერი ნიადაგი სხვადასხვა მაქინაციების, საეჭვო და აშკარად უკანონო ოპერაციების განსახორციელებლად. ვითარებას ართულებს აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კრიმინოგენული სიტუაცია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ისეთი ტიპის დანაშაულებრივი ქმედებები, როგორიცაა კონტრაბანდა (მათ შორის, იარაღის), ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა, ადამიანების გატაცება და სხვ. შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საბანკო დაწესებულებების უკონტროლო ფუნქციონირება და რუსეთის ბანკების მეშვეობით მათი მონაწილეობა საერთაშორისო გადარიცხვების სისტემაში, დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზების ფართო შესაძლებლობებს იძლევა.   რუსეთის ფედერაცია, როგორც FATF-ის წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს ამ ორგანიზაციის რეკომენდაციებს. მიუხედავად ამისა, სეპარატისტული რეგიონის არალეგიტიმურ სტრუქტურებთან უკანონო თანამშრომლობით იგი უხეშად არღვევს FATF-ის რეკომენდაციებში მოცემულ დებულებებს. ამის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე FATF-ის წინაშე რუსეთის ფედერაციის მიმართ მკაცრი გაფრთხილებისა და სათანადო სანქციების გამოყენების საკითხს აყენებს.   რომან გოცირიძე ასევე მიმართავს FATF-ის თავმჯდომარეს, რომ „საფინანსო-საბანკო სფეროში არსებული საერთაშორისო პრინციპების, საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმების გათვალისწინებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საბანკო დაწესებულებები არალეგიტიმურად იქნეს ცნობილი და იქცეს შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტად, ისევე, როგორც მათ მიერ უცხო სახელმწიფოთა საბანკო სტრუქტურებთან დამყარებული კონტაქტები“.   აფხაზეთში არსებულმა საბანკო დაწესებულებებმა რუსეთთან ელექტრონული ანგარიშსწორების მექანიზმი აამოქმედეს და ისინი ჩართულნი არიან რუსეთის საფინანსო-საკრედიტო სისტემა „ზოლოტაია კორონაში, „ინტერექსპრესში“, „კონტაქტში“ და სხვ. ხორციელდება ნებისმიერი თანხის გადარიცხვა რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში და პირიქით.   აფხაზურ ბანკებთან საკორესპონდენტო ურთიერთობები აქვთ დამყარებული შემდეგ რუსულ ბანკებს:   „ეს-დე-ემ ბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „როსსლავბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „ყუბანტორგბანკი“ (ქ. კრასნოდარი, რუსეთის ფედერაცია) „ნოვოსიბირსკვნეშტორგბანკი“ (ქ. ნოვოსიბირსკი, რუსეთის ფედერაცია) „ბანკ მოსკვი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „ვიპ ბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „ევროპრომინვესტი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „კრაიინვესტბანკი“ (ქ. კრასნოდარი, რუსეთის ფედერაცია) „კიიბ სოჩი“ (ქ. სოჭი, რუსეთის ფედერაცია) „მეჟპრომბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „სვიაზბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია)   აფხაზური სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურები სარგებლობენ რუსეთის ფედერაციის შემდეგი ბანკების მომსახურებით:    „დონბანკი“ (ქ. დონის როსტოვი, რუსეთის ფედერაცია) „ვნეშაგრობანკი“ (ქ. კოლომნა, რუსეთის ფედერაცია) „სითი ბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „ურალის საგარეო ვაჭრობის კომერციული ბანკი“ (ქ. ეკატერინბურგი, რუსეთის ფედერაცია) „იუგბანკი“ (ქ. კრასნოდარი, რუსეთის ფედერაცია) „მოსკომპრივატბანკი“ (ქ. სოჭი, რუსეთის ფედერაცია) „მოსკოვპრივატბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „საუთ-ვესტ ბანკი“ (ქ.როსტოვი, რუსეთის ფედერაცია) „ნორდ-ვესტ ბანკი“(ქ. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის ფედერაცია) „ნორდ-კავკაზუს ბანკი“ (ქ. სტავროპოლი, რუსეთის ფედერაცია) „ბენკ ნორთ ტრეჟერი“ (ქ. ეკატერინბურგი, რუსეთის ფედერაცია) „სვიაზბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „იუნიასტრუმბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „როსტბიზნესბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „ატონბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „მეჟპრომბანკი“ (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) „კავკაზპრომსტროიბანკი“ (ქ. ჩერკესკი, რუსეთის ფედერაცია) „სმოლენსკი ბანკი“ (ქ. სმოლენსკი, რუსეთის ფედერაცია) „რუსეთის ფედერაციის შემნახველი ბანკი“ „ნოვოკუზნეცკი მუნიციპალნი ბანკ“ ქ. ნოვოკუზნეცკი) „საერთაშორისო ინდუსტრიული ბანკი“ (რუსეთის ფედერაცია) „რუსეთის ელიტბანკი“ (რუსეთის ფედერაცია) რუსეთის ფედერაციის შემნახველი ბანკის დასავლეთ ურალის ბანკი“ (ქ. პერმი) „ალფაბანკი“ (ქ. მოსკოვი) „ბანკ მოსკვი“ (ქ. მოსკოვი) „მდმ ბანკი“ (ქ. მოსკოვი) „როსბანკი“ (ქ. მოსკოვი) „მეჟდუნაროდნი მოსკოვსკი ბანკი“ (ქ. მოსკოვი) „პრომსვიაზბანკი“ (ქ. მოსკოვი) „როსსელხოზბანკი“ (ქ. მოსკოვი) „ბანკი ვოზროჟდენიე“ „ევრაზბანკი“ (ქ. ნემჩილოვკა-1) „ბანკ ცენტრინვესტი“ (ქ. დონის როსტოვი)   საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილი აქვს, მიმართოს ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა კომიტეტს MONEYVAL-ს, ასევე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საბანკო რეგულირების ორგანოებს, რათა აღნიშნული სახელმწიფოების კომერციულმა ბანკებმა შეწყვიტონ საანგარიშსწორებო ურთიერთობები რუსეთის ზემოთ აღნიშნულ კომერციულ ბანკებთან.