საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ 4 მაისს მონაწილეობა მიიღო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის მუშაობაში, სადაც განიხილეს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2005 წლის წლიური ანგარიში“.
რომან გოცირიძემ საპარლამენტო კომიტეტის წევრებს 2005 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ტენდენციები გააცნო.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, „საქართველოს უახლეს ეკონომიკურ ისტორიაში საბანკო სექტორი ყველაზე განვითარებულ და მზარდ სეგმენტად ითვლება. 2005 წელს საბანკო სისტემის ძირითადი პარამეტრების უპრეცედენტო ზრდა აღინიშნა. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ზრდის ტემპის ამგვარი ამპლიტუდა დსთ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არც ერთ საბანკო სისტემაში არ დაფიქსირებულა. ამის გამო, გასულ წელს ექსპერტებმა „საბანკო ბუმის“ პერიოდი უწოდეს.“
2005 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავისი საქმიანობის მთავარ ამოცანას – ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას წარმატებით გაართვა თავი. მთლიანი შიდა პროდუქტის 9.3-პროცენტიანი ზრდის პირობებში, წლიურმა ინფლაციამ, 2005 წლის ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკის სწორი, თანმიმდევრული და საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებული პოლიტიკის გატარების შედეგად, 6.2 პროცენტი შეადგინა, რაც 2004 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
2005 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის რყევების დიაპაზონი, წინა წლებისაგან განსხვავებით, მკვეთრად შემცირდა და 1.78-1.84-ის ფარგლებში იყო მოქცეული.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2005 წელს მთლიანად შესრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებული ვალებულებები.
2005 წელს მკვეთრად გაუმჯობესდა კომერციული ბანკების ზედამხედველობა, რითაც საბანკო სექტორის სტაბილურობის განმტკიცებას ჩაეყარა საფუძველი.
საანგარიშო პერიოდში შემუშავდა საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგია 2006-2009 წლებისათვის, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიმდინარე წელს დაამტკიცა.
საბანკო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებისა და ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზების ფონზე, მნიშვნელოვნად მოიმატა საბანკო დეპოზიტების მოცულობამ.
საქართველოში 2005 წლის მანძილზე საბანკო სისტემის მთლიანი აქტივების უპრეცედენტო, 50-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 83 პროცენტით გაიზარდა მთლიანი სესხების მოცულობა. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ 2004 წელთან შედარებით, გასულ წელს 200 პროცენტით გაიზარდა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა. თუ აქამდე ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობის „ინდიკატორად“ საბანკო სისტემაში დეპოზიტების სახით აკუმულირებული სახსრები მიიჩნეოდა, ამ პარამეტრს დაემატა გაცემული სესხების მაჩვენებლის ოდენობაც, რაც, თავის მხრივ, ეროვნული ვალუტის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე მიუთითებს.
2005 წელს განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურული რეორგანიზაცია და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგიონული ქსელის ოპტიმიზაცია.
,,ქართული საბანკო ინსტიტუტების საინვესტიციო მომხიბვლელობა აშკარად იზრდება. ეს პროგნოზირების შესაძლებლობას მაძლევს, რომ მომავალშიც დაინტერესება ადეკვატური იქნება. აღნიშნული გარემოება ამ სფეროში დამატებითი საკრედიტო რესურსების მოზიდვის, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლების, ახალი საბანკო პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და საბანკო სისტემის ოპერატიული საქმიანობის მასტიმულირებელი ფაქტორია,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
2005 წლის საბანკო სექტორის საქმიანობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები:
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები – გაიზარდა 50%-ით (2005 წელს 2,6 მლრდ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 1,7 მლრდ ლარი იყო);
სააქციო კაპიტალი – გაიზარდა 28,7%-ით (2005 წელს 480 მლნ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 373 მლნ ლარი იყო);
წმინდა მოგება – გაიზარდა 124,7%-ით (2005 წელს 62 მლნ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 28 მლნ ლარი იყო);
შემოსავალი აქტივებზე – გაიზარდა 29,2%-ით (2005 წელს 3,1% შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 2,4% იყო);
შემოსავალი კაპიტალზე – გაიზარდა 49%-ით (2005 წელს 15% შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 10% იყო);
მთლიანი სესხები – საერთო მოცულობა გაიზარდა 83,2%-ით (2005 წელს 1,7 მლრდ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 0,9 მლრდ ლარი იყო);
სესხები ეროვნულ ვალუტაში – გაზრდილია 200%-ით (2005 წელს 407 მლნ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 136 მლნ ლარი იყო);
სესხები უცხოურ ვალუტაში – გაზრდილია 66,7%-ით (2005 წელს 742 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 445 მლნ აშშ დოლარი იყო);
მთლიანი დეპოზიტები – გაზრდილია 31%-ით (2005 წელს 1,2 მლრდ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 896 მლნ ლარი იყო);
დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში – გაიზარდა 45%-ით (2005 წელს 334 მლნ ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 230 მლნ ლარი იყო);
დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში – გაიზარდა 29%-ით (2005 წელს 469 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 365 მლნ აშშ დოლარი იყო);
დეპოზიტების დოლარიზაცია – შემცირდა 3,3%-ით (2005 წელს 71% შეადგინა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 74,3% იყო);
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები – გაიზარდა 23,9%-ით (2005 წელს 474,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 382,8 მლნ აშშ დოლარი იყო);
ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით – გამყარდა 5,4%-ით (2005 წელს 1,8126 ლარს შეადგენდა, 2004 წელს იგივე მაჩვენებელი 1,9161 ლარი იყო).
ინფლაციის მაჩვენებელმა 2004 წლის 7.5%-დან 2005 წელს 6,2%-ის დონემდე დაიწია.