ყველაზე მნიშვნელოვანი გარდაქმნები‚ რომლებიც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში‚ პირველ რიგში‚ ეხება ეკონომიკურ სფეროს. ყალიბდება ახალი ეკონომიკური კულტურა‚ ჩნდება ახალი პროფესიები. ეკონომიკური ტერმინოლოგია გასცდა ეკონომიკური მეცნიერების ჩარჩოებს და ყველა სფეროში დამკვიდრდა.
ეკონომიკურ‚ განსაკუთრებით საბანკო და საფინანსო‚ ლიტერატურაში დამკვიდრდა ტერმინები‚ რომლებიც უცხოურიდან პირდაპირ არის გადმოტანილი ქართულ ენაში. ხშირ შემთხვევაში მსოფლიოში მიღებული ეკონომიკური ტერმინები ან უკვე დამკვიდრებულია ქართულ ენაში‚ ან ახლა შემოდის და ქართული შესატყვისი არ გააჩნია. თუმცა‚ ქართულ ენაში არსებობს მთელი რიგი ეკონომიკური ტერმინების ზუსტი შესატყვისი‚ რომელთა გამოყენებაც არა მარტო მიზანშეწონილია‚ არამედ აუცილებელიცაა‚ რათა თავიდან აცილებულ იქნეს ქართული ენის გადატვირთვა უცხო სიტყვებით.
დოკუმენტების ტექსტში ტერმინების გამოყენება ხშირად იწვევს გარკვეულ სიძნელეებს‚ რომლებიც‚ როგორც წესი‚ დაკავშირებულია მათი მნიშვნელობის არცოდნასა ან ტერმინთა აღრევასთან. ტერმინების გამოყენების სირთულე ასევე დაკავშირებულია იმასთან‚ რომ ამ სახის ტერმინები ხშირად სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. იცვლება უკვე არსებულ ცნებათა შინაარსი‚ ჩნდება ახალი ცნებები; მთელი რიგი ცნებები მოძველებულია და იგივე ტერმინმა შეიძლება მიიღოს ახალი მნიშვნელობა ძველი მნიშვნელობის შენარჩუნებით‚ რაც იწვევს მის მრავალმნიშვნელიანობას.
ბოლო დროს ჩნდება სხვადასხვა ცნებათა აღმნიშვნელი ახალი სიტყვები‚ რომლებიც ინგლისური ენიდან პირდაპირ არის გადმოტანილი‚ როგორც ტერმინები. ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ:
სეკიურიტიზაცია – არალიკვიდური აქტივების ფასიან ქაღალდებად გარდაქმნა;
დერივატივი – წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი;
თარგეთირება – მიზნობრივი მაჩვენებლის წინასწარი დადგენა.
ასეთი მაგალითები კიდევ მოიძებნება და‚ ალბათ‚ მომავალშიც შეგვხვდება. სწორედ იმის გამო‚ რომ არ აღმოვჩნდეთ უხერხულ მდგომარეობაში და ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ ნორმატიულ დოკუმენტებში ნახმარმა ჯერ კიდევ დაუკანონებელმა ფორმებმა არ მიიღოს სავალდებულო ხასიათი‚ მიზანშეწონილად მიგვაჩნია‚ ნებისმიერი ოდნავ საეჭვო ან ახალშემოღებული ტერმინი დადგინდეს ეროვნული ბანკის კვალიფიციურ სპეციალისტებსა (ეკონომისტებთან) და ენათმეცნიერებთან შეთანხმების შედეგად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით‚ შემოგთავაზებთ მცირე რეკომენდაციებს‚ რომლებშიც გამოყენებულია ქართველ ენათმეცნიერთა და სპეციალისტთა ისეთი ფუძემდებელი ნაშრომები‚ როგორიც არის „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“‚ „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“‚ „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“‚ ზოგადი ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონი‚ დარგობრივი ტერმინოლოგიები‚ ქართული ენციკლოპედია და ენციკლოპედიური ლექსიკონები‚ წიგნი – ქართული სიტყვის კულტურის საკითხები; „ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი“‚ წიგნი – „როგორ იქმნება კანონი“; სქართველოს მთავრობის აქტების კრებული‚ ცალკეულ ავტორთა ნამუშევრები და სხვ.
წონის‚ ზომის‚ ფასისა და დროის გამომხატველი ერთეულების ჩამოთვლისას ხშირად ხმარობენ უმართებულო გამოთქმებს: „ლარებში“‚ „ტონებში“‚ ჰექტარებში“‚ „კილომეტრებში“‚ „საათებში“ და სხვ. ასეთ შემთხვევებში უნდა გავითვალისწინოთ‚ რომ:
– სიგრძე იზომება სანტიმეტრობით... კილომეტრობით და ა.შ.;
– ფართობი (და არა ფართი!) – კვადრატული სანტიმეტრობით... კვადრატული კილომეტრობით და ა. შ.;
– მოცულობა – კუბური სანტიმეტრობით‚ კუბური მეტრობით და ა. შ.;
– წონა – გრამობით... ტონობით და ა. შ.;
– დრო – წამობით... საათობით და ა. შ.;
– ფასი – თეთრობით და ლარობით.
კომისიების‚ საბჭოების‚ სამუშაო (და არა მუშა!) ჯგუფების‚ დელეგაციებისა და ზოგჯერ მათი წევრების გვარ-სახელები მოცემულია ისე‚ რომ არ არის დალაგებული ანბანური თანამიმდევრობით. ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას. ამიტომ‚ თუ ამ ერთეულთა თავმჯდომარეებს (ხელმძღვანელებს) არ ჩავთვლით‚ წესად უნდა გავიხადოთ მათი ანბანური რიგით გაწყობა.
ზოგიერთი სიტყვა-ტერმინისა და გამოთქმის უმართებულო ფორმები და მათი აღრევის შემთხვევები ისეა გავრცელებული‚ რომ აღარც კი გვეჩოთირება. ეს‚ უწინარეს ყოვლისა‚ ეხება ისეთ გამოთქმებს‚ როგორიცაა ეფექტური-ეფექტიანი‚ მცდელობა-ცდა‚ ქმედება-ქმედობა‚ შვილობილი-შვილეული საწარმო‚ ერთი კვირის ვადა‚ სამომავლო გეგმა‚ ვაჭრობის სფეროზე კონტროლი‚ პატრონაჟის ქვეშ და სხვ.
გავრცელების კვალობაზე კატეგორიამ „შვილობილი“ გადაინაცვლა საქმიან ქაღალდებში და კანონის ენაშიც კი შეაღწია: „შვილობილი საწარმო“ („შვილობილი ორგანიზაცია“). სხვათა შორის‚ იგივე სიტყვაა ნახმარი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ეს ფორმა უადგილოდ იხმარება. აქ უნდა იყოს სხვა სიტყვა – „შვილეული“. აკადემიური წყარო‚ რომელიც ამას გვიდასტურებს‚ არის „იურიდიული ტერმინოლოგია“‚ რომლის 76-ე გვერდზე ვკითხულობთ: дочернее общество – შვილეული საზოგადოება.
თუმცა იშვიათად‚ მაგრამ ეს უდავოდ სწორი ფორმაც იხმარება. მაგ.‚ ...ერთ-ერთი საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტში ვკითხულობთ: „შვილეული კომპანია“ არის კომპანია‚ რომელსაც მთავარი კომპანია აკონტროლებს“.
მაშასადამე‚ ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით‚ ჩვენს შემთხვევაში „შვილობილი“ ფორმა უნდა გამოირიცხოს და უნდა ვწეროთ: შვილეული ორგანიზაცია‚ შვილეული საწარმო‚ შვილეული საზოგადოება‚ შვილეული ფირმა და ა. შ.
დიდი ხნის განმავლობაში საქმიან ქაღალდებში იხმარებოდა საშტატო განრიგი და „ხარჯთაღრიცხვა“‚ რომელთა მაგიერ ახლა მკვიდრდება „საშტატო ნუსხა“ და შესაბამის კონტექსტში „ხარჯთა ნუსხა“.
განრიგი‚ განრიგება გრაფიკია‚ რომელიც შეიცავს ცნობებს რისამე შესრულების დროის‚ ადგილისა და თანამიმდევრობის შესახებ. ამავე რიგისაა‚ მაგალითად‚ მატარებლების მიმოსვლის განრიგი‚ გაკვეთილების ცხრილი და ა. შ.
რაც შეეხება შტატს‚ ერთ-ერთი მნიშვნელობით ეს არის ამა თუ იმ წარმოებაში‚ დაწესებულებაში მომუშავეთა მთელი შემადგენლობა‚ რომელიც დამტკიცებულია სათანადო ზემდგომი ორგანოების მიერ (მ. ჭაბაშვილი‚ უცხო სიტყვათა ლექსიკონი).
როგორც ვხედავთ‚ შტატს საერთო არა აქვს განრიგთან. ამიტომ‚ უნდა ვიხმაროთ საშტატო ნუსხა (შდრ. штатное расписание).
ვნახოთ‚ რა კონტექსტში უნდა ვიხმაროთ ხარჯთაღრიცხვა და ხარჯთა ნუსხა.
როცა ლაპარაკია დაწესებულების მომავალი პერიოდის ხარჯების აღწერაზე‚ ხარჯების გეგმაზე‚ უნდა ვწეროთ ხარჯების ნუსხა. ნუსხით გათვალისწინებული ხარჯების გაწევის შემდეგ ხდება მისი შესრულების აღრიცხვა. სწორედ ამ შემთხვევაში უნდა ვწეროთ ხარჯთაღრიცხვა.
ინდიკატური‚ ინდიკატიური თუ ინდიკატორული?
დაინერგა უმართებულო ფორმა ინდიკატური: ინდიკატური გეგმა‚ ინდიკატური დაგეგმვა და მისთ. კარგა ხნის შემდეგ ამ ფორმას ჩაენაცვლა ინდიკატიური. ეს ფორმაც უადგილოდ იხმარება‚ რადგან იგი გრამატიკული კატეგორიაა და ზმნის თხრობით კილოს ნიშნავს.
მაშასადამე‚ მოყვანილ ფორმათაგან პირველის ხმარება უნდა გამოირიცხოს‚ მეორე კი იხმარება‚ როგორც ლინგვისტიკის ტერმინი.
დასკვნა: რაკი საქმე გვაქვს ინდიკატორთან‚ „მაკროეკონომიკური ინდიკატორები“‚ „გარემოსა და ეროვნული მეურნეობის მდგომარეობის მახასიათებელი ინდიკატორები“‚ „სოციალური ინდიკატორები“‚ „სიღარიბის ინდიკატორები“ და მისთ. ამ ფორმისაგან წარმოებული ზედსართავი უნდა იყოს არა ინდიკატური ან ინდიკატიური‚ არამედ ინდიკატორული (ამას გვიდასტურებს რუსულ-ქართული ლექსიკონი‚ ტექნიკური ტერმინოლოგია და სხვ.). ამავე ფორმას უჭერენ მხარს ცნობილი ეკონომისტები ნ. ჭითანავა და მ. ჯიბუტი. ამიტომ ეს გამოთქმა ფორმალურადაც და აზრობრივადაც სავსებით ლოგიკურია; მაგალითად‚ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში ხვდებით ასეთ შესიტყვებას: „... სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატორული გეგმების ფარგლებში... მიმართულებათა ჩამოყალიბება...“.
მეორადი თუ მეორეული?
მეორადი – ხელოვნურად შექმნილი ფორმაა და ენაცვლება სწორ ფორმას – „მეორეულს“ და ხშირად ქმნის ისეთ ვითარებას‚ როცა რიგობითი რიცხვითი სახელი „პირველი“ იდევნება და მის ადგილს იკავებს (უადგილოდ იხმარება) „პირველადი“.
აკადემიურ წყაროებში ნორმებად ჩამოყალიბებული დებულებებია:
ა) (მეორადი კი არა) „მეორეული“ (ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი);
ბ) მეორად-ი (უმართებ.) იხ. მეორეული...
შეუფერებელ ადგილას იხმარება მათემატიკური ტერმინები „ერთნიშნა“ და „ცალსახა“ (Однозначный, ая, ое... 3. მათ ერთნიშნა ცალსახა: о-ое число ერთნიშნა რიცხვი; о-ая функция ცალსახა ფუნქცია‚ რუსულ-ქართული ლ-ნი);
რთულ სიტყვაში „ცალ“ აღნიშნავს ნახევარს‚ ოღონდ ყოველგვარ ნახევარს კი არა‚ წყვილიდან ერთს‚ ამიტომაც არის‚ რომ ბუნებრივად ჟღერს ასეთი გამოთქმები: ცალფეხა‚ ცალხელა‚ ცალთვალა‚ თუ გნებავთ‚ ცალტვინა და სხვ.
პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა ის არის‚ რომ „ცალსახა“ და „ერთნიშნა“ გადავულოცოთ მათემატიკოსებს‚ დანარჩენ შემთხვევებში კი‚ როგორც ენათმეცნიერები გვირჩევენ‚ ვიხმაროთ ისეთი სიტყვები‚ როგორიც არის ერთმნიშვნელოვნად‚ ნათლად‚ მკაფიოდ‚ არაორაზროვნად‚ არაორჭოფულად და ა. შ.
ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ეფექტური და ეფექტიანი. მოკლედ დავახასიათოთ ეს სიტყვები: ეფექტური ეთქმის იმას‚ რაც ახდენს შთაბეჭდილებას (ეფექტური გარეგნობა)‚ ეფექტიანი კი იმას‚ რაც იძლევა შედეგს (ეფექტიანი‚ ქმედითი საშუალება).
ხშირად გვხვდება ასეთი ფორმები: ვაჭრობის სფეროზე კონტროლი‚ სფეროზე კი არა‚ სფეროს კონტროლი უნდა იყოს.
ასევე უმართებულო ფორმებია „ერთი კვირის ვადა“‚ „სამომავლო გეგმა“. ეს წინადადების ისეთი კონსტრუქციაა‚ რომელიც შეიცავს ერთნაირი მნიშვნელობის მქონე (ხშირად ლოგიკურად ზედმეტ) სიტყვებს. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე. „ერთი კვირა“ თავისთავად მოიცავს ვადის ცნებას და ამიტომ „ვადა“ ზედმეტია‚ ისევე‚ როგორც ზედმეტია „სამომავლო“.
აქვე შემოგთავაზებთ იმ ტერმინებსა და სიტყვებს‚ რომლებიც ხშირად არასწორად გვხვდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ დოკუმენტებში‚ აგრეთვე‚ იმ უცხო სიტყვათა (ტერმინთა) ჩამონათვალს‚ რომელთა ხმარების საშუალებასაც ლექსიკონი იძლევა.
აბსოლუტური
- და არა აბსოლიტური
ადეკვატური
- და არა ადექვატური
ავთენტიკური
- და არა აუთენტიკური
აკრედიტაცია//აკრედიტება
აკრედიტებული
- და არა აკრედიტირებული
აკუმულაცია//აკუმულირება
ანულირება: გაუქმება
არაადეკვატური
- და არა არაადექვატური
ასოციირება: ასოციირებული
- და არა ასოცირება‚ ასოცირებული
აუქციონი: აუქციონური
აღნუსხვა: აღნუსხული‚ აღმნუსხველი‚ აღსანუსხავი‚ აღუნუსხავი
აღრიცხვა: აღსარიცხავი‚ აღურიცხავი
ბანკროტი: ვალაუვალი‚ გაკოტრებული
ბიზნესგეგმა
ბიზნესკლასი; ბიზნესნომერი
ბიზნესტექნოლოგია
ბროკერი
ბროკერაჟი: საბროკერო
გადამმუშავებელი (მრეწველობა)
- და არა გადამამუშავებელი
განმავლობაში (ათი დღის‚ ორი თვის)
- და არა მანძილზე
გაცვლითი კურსი
- და არა კურსები
გირაოდ მიცემა‚ დაგირავება
- და არა გირაოში მიცემა
დაფინანსება
- და არა ფინანსირება
დაპროგრამება
- და არა პროგრამირება
დეკლარაცია: დეკლარაციული
დეკლარირება: დეკლარირებული
დენომინირებული
დეპოზიტი; დეპონენტი; დეპონირება
დეპორტი
დეფლაცია
დიდი პატივისცემით
- და არა ღრმა პატივისცემით
დინამიკური
- და არა დინამიური
დოიჩე-ბანკი (გერმანიის ბანკი)
ეფექტური
- და არა ეფექტიური
ეკვივალენტი
- და არა ექვივალენტი
ევრობანკი
ემისია‚ ემიტენტი
ერთი მხრივ
- და არა ერთის მხრივ
ერთმნიშვნელოვნად‚ ცხადად‚ მკაფიოდ
- და არა ცალსახად
ექსტრაორდინარული
- და არა ექსტრაორდინალური
ვარიირება
- და არა ვარირება
ვალუტა
- და არა ვალიუტა
ვალუტები კი არა
- ვალუტა
ვესტერნ-იუნიონი
თანადგომა
- და არა ურთიერთთანადგომა
თანამიმდევრობა
- და არა თანმიმდევრობა
თვისებრივი
- და არა თვისობრივი
ინიექცია
- და არა ინექცია
ინიციირებული
- და არა ინიცირებული
იღებს
- და არ ღებულობს
კვოტა
- და არა ქვოტა
კვორუმი
- და არა ქვორუმი
კონფისკაცია
- და არა კომფისკაცია
კოოპერაციული
- და არა კოოპერატიული
ლიკვიდური
- და არა ლიქვიდური
მდარე‚ უხარისხო საქონელი
- და არა იაფფასიანი
მდგომი ამოცანები (ამჟამად რომ დგას
ვინმეს წინაშე)
- და არა მდგარი
მეორე მხრივ
- და არა მეორეს მხრივ
მეორეული (ყველა შემთხვევაში)
- და არა მეორადი
მომსახურება
- და არა მომსახურეობა
მოქმედი
- და არა მომქმედი
მოაწყვეს
- და არა მოაწყეს
მსყიდველობითი//მყიდველობითი
ნაანგარიშები
- და არა ნაანგარიშევი
ნისიად
- და არა განვადებით
პიარი
- და არა ფიარი
პირველი საჭიროების საქონელი
- და არა პირველადი საჭიროების საქო-
ნელი
პოვა (ასახვა)
- და არა ჰპოვა
პოლიტიზება
- და არა პოლიტიზირება
პრეზუმფცია
- და არა პრეზუმპცია
პრეცედენტი
- და არა პრეცენდენტი
პრივატიზაცია//პრივატიზება;
პრივატიზებული
- და არა პრივატიზირებული
რატიფიკაცია//რატიფიცირება
რეკორდული მოსავალი
- და არა სარეკორდო მოსავალი
სააქციო
- და არა სააქციონერო
საბიუჯეტო
- და არა ბიუჯეტური
საგადამხდელო
- და არა საგადასახდელო
საგამოძიებო
- და არა საგამომძიებლო
სადავო
- და არა სადაო
საექსპლუატაციოდ გადასცეს‚ აამოქმედეს‚ აამუშავეს
- და არა ექსპლუატაციაში‚ მოქმედებაში
გაუშვეს‚ გადასცეს
სათავო
- და არა სათაო
სამარაგო ნაწილები
- და არა სათადარიგო ნაწილები
სამსახურებრივი
- და არა სამსახურეობრივი
სამუშაო ჯგუფი
- და არა მუშა ჯგუფი
სანიტარიული
- და არა სანიტარული
საპატიო სტუმარი
- და არა მაღალი სტუმარი
სერტიფიკატი‚ სერტიფიცირებული
- და არა სერთიფიკატი‚ სერთიფიცირე-
ბული
სკრუპულოზური
- და არა სკურპულოზური
სოციალურ-ეკონომიკური
- და არა სოციალ-ეკონომიკური
სპეციფიკური
- და არა სპეციფიური
სპეციალიზებული
- და არა სპეციალიზირებული
სტაციონარული
- და არა სტაციონალური
სტატუს-კვო
- და არა სტატუს-ქვო
ტრენინგი
- და არა თრეინინგი
უდავო
- და არა უდაო
უზუფრუქტი
- და არა უზურფრუქტი
უნდა იქნეს
- და არა უნდა იქნას
უპასუხებს
- და არა პასუხობს
უხვი მოსავალი
- და არა მაღალი მოსავალი
ფართო
- და არა ფართე
ფართობი
- და არა ფართი
ფინანსური
- და არა ფინანსიური
ფიქციური
- და არა ფიქტიური
ფუნქციური
- და არა ფუნქციონალური
ფორსმაჟორი
ფულის გათეთრება
- და არა ფულის რეცხვა
კვარტალი - კვარტალისა-კვარტალური
შინაბაზარი
ჩარჩო-ხელშეკრულება
ჩემი აზრით
- და არა ჩემის აზრით
ჩემი მხრივ
- და არა ჩემის მხრივ
ჩემ მიერ
- და არა ჩემს მიერ
ჩვენ გამო
- და არა ჩვენს გამო
ჩრდილოვანი ეკონომიკა (ბიზნესი)
ძალზე
- და არა ძალზედ
ძვირი: ძვირად ღირებული
- და არა ძვირიანი
წარვუდგენ‚ წარმოგიდგენთ
- და არა ვურდგენ‚ გირდგენთ
წარმოებს
- და არა სწარმოებს
ჭვირნიშანი (ფულისა)
- და არა წყლის ნიშანი.
საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარეობს სამუშაოები ქართული ენის ნორმათა დაცვის‚ ქართული სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური ტერმინოლოგიის მოწესრიგების მიმართულებით. კერძოდ‚ ამ საქმეს ემსახურება შემუშავებული და აპრობირებული სქემა‚ რომელიც გულისხმობს ნორმატიული აქტების‚ ინსტრუქციების‚ დებულებების‚ წესების შემუშავებისას მათ რედაქციულ დამუშავებას.
საქართველოს ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანი საკითხების‚ ძირითადი და ოპერატიული ამოცანების გადასაწყვეტად იღებს ან გამოსცემს სხვადასხვა სახის განკარგულებით დოკუმენტებს (ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება‚ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება‚ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის‚ ვიცე-პრეზიდენტის განკარგულება)‚ საორგანიზაციო-განკარგულებით დოკუმენტებს (ინსტრუქციები‚ დებულებები‚ წესები‚ რომლებიც მტკიცდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებებით ან საბჭოს დადგენილებებით)‚ აგრეთვე‚ ოქმებს‚ დავალებებს‚ სამუშაო გეგმებს‚ ანგარიშებს‚ წესდებებს‚ პროგრამებს და სხვ.
საქმისწარმოების ინსტრუქციის შესაბამისად დოკუმენტების საბოლოო პროექტების სარედაქციო დამუშავებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საორგანიზაციო განყოფილება‚ რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად იქნეს დაცული ქართული ენის ნორმები.
2005 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რედაქტირება გაიარა პრეზიდენტის 342-მა ბრძანებამ‚ 114-მა განკარგულებამ‚ ვიცე-პრეზიდენტის 756-მა განკარგულებამ‚ სხვადასხვა თათბირის‚ კომისიისა და კომიტეტის სხდომის 97-მა ოქმმა. აგრეთვე‚ რედაქტირებულია ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომების ოქმები‚ დადგენილებები‚ ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში პარლამენტისათვის წარსადგენად‚ საქართველოს პარლამენტის‚ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობისათვის გასაგზავნი წერილები.
საქართველოს ეროვნული ბანკი ნორმატიული დოკუმენტების მომზადებისას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ნებისმიერი‚ განსაკუთრებით კი ახალი ტერმინის ხმარებას‚ რადგან საბანკო სფეროსათვის ეს ტერმინოლოგია მისაღები ხდება. ჩვენი აზრით‚ ნებისმიერი ახალი ტერმინის თვითნებური გამოყენება არ შეიძლება იყოს სწორი‚ რადგან ენათმეცნიერებთან შეუთანხმებლად მათი დანერგვა ხშირად ბევრ გაუგებრობას იწვევს და შეიძლება მისი სისწორეც ეჭვქვეშ დადგეს.