Available only in Georgian

Available only in Georgian

03 July, 2006
5 ივლისიდან აშშ-ის საფინანსო ორგანიზაციები უცხოელი მოქალაქეებისა და უცხოური ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნისათვის დაიწყებენ ახალი, გაცილებით მკაცრი მოთხოვნების გამოყენებას. ყველა ამერიკული ბანკი ვალდებულია, უცხოური საფინანსო ორგანიზაციების საკორესპონდენტო ანგარიშებთან დაკავშირებით გამოიყენოს „ზედმიწევნითი შემოწმების პროგრამა“, რომელიც ამერიკულ ბანკებში ამ თარიღის შემდეგ ამოქმედდება. 5 ივლისამდე გახსნილი ანგარიშები კი 2006 წლის 2 ოქტომბრიდან შემოწმდება.   ახალი პროგრამის ფარგლებში ამერიკული ბანკები შეაფასებენ ანგარიშების გამოყენების რისკს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით, შეამოწმებენ ბანკების მიერ განხორციელებულ ოპერაციებსა და იმ ბაზრებს, რომლებსაც ისინი ემსახურებიან, ასევე, საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნის შედეგად ჩატარებული ოპერაციების ტიპს, მიზანს და სახეობებს, რეალური ოპერაციების შესაბამისობას გაცხადებულთან, მონაცემებს ბანკის მესაკუთრეებზე, გაატარებენ ღონისძიებებს ფულის გათეთრებისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ საბრძოლველად.   უცხოელი მოქალაქეების კერძო ანგარიშების გადამოწმების შედეგად ამერიკულმა ბანკებმა უნდა დაადგინონ ანგარიშების მესაკუთრეები და რეალური მოგების მიმღებნი, ანგარიშზე არსებული სახსრების წყაროები და ამ რესურსების შემდგომი გამოყენების მიზნები. ისინი შეამოწმებენ, ბანკის კლიენტი ფიზიკური, ასევე მისი ნათესავი ან მასთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირი არის თუ არა პოლიტიკოსი (არა მარტო მოქმედი, არამედ ყოფილიც). შემოწმების შედეგად დაფიქსირებული უარყოფითი შედეგი ანგარიშის გახსნაზე უარის თქმას, ანგარიშიდან ოპერაციების შეჩერებას ან მის დახურვას გამოიწვევს.   რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ანდრეი კოზლოვმა N81-ე წერილით რუსეთის ბანკებს ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ შეატყობინა. ახალი პროგრამის მიმართ რუსეთში შეშფოთებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ყოველივე ეს რუსეთის კონტრაგენტებისადმი ამერიკის ბანკების ყურადღების გაძლიერებას გამოიწვევს. წინასწარი პროგნოზებით, პროცედურების გამკაცრებას განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეები იგრძნობენ, რადგან არალეგალური შემოსავლების „გათეთრების“ დიდი წილი სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით, შარშან აშშ-ში რუსეთის 300-მდე ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში დაიხურა.   აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა აშშ-ის შესაბამის სამსახურებს, გამოეყენებინათ სანქციები აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საბანკო სექტორთან მომუშავე რუსეთის ბანკების მიმართ. ამდენად, „ზედმიწევნითი შემოწმების პროგრამამ“ ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთში მომუშავე რუსული ბანკების მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვის პროცესს.