საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ინვესტორთა ჯგუფი მიიღო, რომლებიც თბილისში „ჰაიატის” სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ელჩი საქართველოში კარლო კრიგერი, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ჯგუფის Fortis წარმომადგენელი პატრიკ ჰანსენი და კომპანიის LoyalCapital მმართველი დირექტორი ანდრეი ფედოროვი.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში საბანკო სექტორის განვითარების მდგომარეობაზე. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ საბანკო ბუმი საქართველოში ხელს უწყობს სამშენებელო ბიზნესის სწრაფ განვითარებას. „ჰაიატის” სასტუმრო კომპლექსის აშენება ინვესტორებს 100 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდებათ. პროექტი 2007 წელს უნდა დასრულდეს.