საქართველოს ეროვნული ბანკი 2006 წლის 18 სექტემბრიდან სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონების გამართვას გეგმავს. ამ საკითხს დაეთმო საქართველოს ეროვნულ ბანკში სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონის პრეზენტაცია, რომელიც პირველ სექტემბერს გაიმართა. მონეტარული რეგულირების ამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის ამოქმედების პერიპეტიებზე იმსჯელეს საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ბანკების ასოციაციისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ დავით ამაღლობელის განმარტებით, „სადეპოზიტო სერტიფიკატები ფულად-საკრედიტო რეგულირების ახალი, ქმედითი და თანამედროვე ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტის ამოქმედებით საქართველოს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის უფრო ეფექტიანად გატარების შესაძლებლობა მიეცემა. სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონების ჩატარება მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ასევე ქვეყნის ფულადი ბაზრების განვითარებისათვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს დედოლარიზაციის პროცესს, ვინაიდან ბანკების მფლობელობაში გადავა ეროვნული ვალუტით დენომინირებული მოკლევადიანი საინვესტიციო ფასიანი ქაღალდი. ამ გზით კომერციულ ბანკებს უჩნდებათ სახსრების ურისკოდ და მაღალლიკვიდურად დაბანდების საშუალება, რაც მათ თავიანთი საკრედიტო პორტფელების ოპტიმალურად და ეფექტურად დივერსიფიკაციის გარანტიას მისცემს“.
პრეზენტაციაზე საუბარი, ძირითადად, აუქციონის ჩატარების პროგრამული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებზე წარიმართა. კომერციული ბანკების წარმომადგენლებს გაეცნოთ აუქციონის ელექტრონული ფორმით წარმართვის წესები.
შესაბამისი დებულების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოშვების თარიღს, ვადიანობას, ემისიის მოცულობას და მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს. „კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ეძლევათ მეორად ბაზარზე გაიტანონ და ერთმანეთში ივაჭრონ საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებით. ისინი ასევე უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდები როგორც გირაო ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე და რეპო ოპერაციების დროს“ – განაცხადა დავით ამაღლობელმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისათვის დამახასიათებელ ფუნქციას შეასრულებს.
სადეპოზიტო სერტიფიკატი არის ეროვნული ვალუტით დენომინირებული ფასიანი ქაღალდი, რომელსაც არამატერიალიზებული ფორმა აქვს. სადეპოზიტო სერტიფიკატების ღია, მთლიანად ავტომატიზებული აუქციონები ჩატარდება საქართველოს ეროვნულ ბანკში კვირაში სამჯერ, ერთი, სამი და ექსვსი თვის ვადიანობის მქონე რესურსებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისათვის დამახასიათებელი ყველა ფუნქციით იქნება აღჭურვილი. საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად აუქციონებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ კომერციულ ბანკებს შეეძლებათ. საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებისათვის დისკონტს კომერციული ბანკები აუქციონის ჩატარების დღესვე მიიღებენ