2006 წლის იანვარ-ივლისში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების („ვესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“, „ანელიკი“, კავკასუს ექსპრესი“ და სხვ.) საშუალებით დაახლოებით 270 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, დაახლოებით 83 მლნ აშშ დოლარით (დაახლოებით 44 პროცენტით) აღემატება.
რაც შეეხება ფულადი გზავნილების სტრუქტურას, 2006 წლის დასაწყისიდან შვიდი თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი, დაახლოებით, 182 მლნ აშშ დოლარი (68%) რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, დაახლოებით 26 მლნ აშშ დოლარი (9.7%) - ამერიკის შეერთებული შტატებიდან და 8.5 მლნ აშშ დოლარი (3.2%) _ საბერძნეთიდან გადმოირიცხა.
საანალიზო პერიოდში, ასევე გაიზარდა საქართველოდან განხორცილებული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობაც. 2006 წლის იანვარ-ივლისში ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემების მეშვეობით ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გადარიცხულია, დაახლოებით 81 მლნ აშშ დოლარი, რაც 44.2 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხებიდან ყველაზე მეტი 51 მლნ აშშ დოლარი (63.3%) რუსეთზე მოდის, შემდეგ უკრაინასა 5.8 მლნ აშშ დოლარი (7.2%) და აშშ-ზე 3.4 მლნ აშშ დოლარი (4.2%).