საქართველოს ეროვნულ ბანკში დასრულდა სემინარი „ფულის გათეთრების პრევენცია“, რომელსაც უძღვებოდა ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტოს ექსპერტი დოქტორი ჟერარ ზოლტი. სემინარის დასრულების შემდეგ, მის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
„მსგავსი სემინარები სასარგებლოა საქართველოს საბანკო სექტორში დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამ ტრადიციას საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ. მისი თქმით, „სემინარის თემა – „ფულის გათეთრების პრევენცია“, საქართველოსათვის ძალზე აქტუალურია, რადგან საქართველოს საბანკო სისტემასთან დაკავშირებით სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოს საბანკო სექტორის რეპუტაცია ძალზე მაღალია.“
სემინარი „ფულის გათეთრების პრევენცია“ საქართველოს ეროვნულ ბანკში 5–7 მარტს მიმდინარეობდა. მისი მსვლელობისას, ყურადღება გამახვილდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ლუქსემბურგის მოდელისა და ზოგადად, ამ პრობლების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე. უცხოელმა ექსპერტმა ისაუბრა უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ბაზის შესახებ და ამ მიმართულებით ავტორიტეტული საერთაშორისო ჯგუფის FATF-ის (ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის) მიერ დანერგილი რეკომენდაციების გატარების აუცილებლობაზე. სემინარზე ითქვა, რომ ქართულ ბაზარზე ავტორიტეტული უცხოური საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლა ადგილობრივ ბანკებში ფულის გათეთრების რისკს მკვეთრად ამცირებს.
ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს საფინანსო და საბანკო სექტორების წარმომადგენლებისათვის 2007 წლის განმავლობაში სასწავლო სემინარების ჩატარებას. სემინარები გაიმართება თბილისსა და ლუქსემბურგში. მომავალში საქართველოში განსახორციელებული ღონისძიებების ორგანიზატორი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკი. რაც შეეხება ლუქსემბურგში ორგანიზებულ სემინარებს, ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის სააგენტო აანაზღაურებს მონაწილეთა ხარჯებს.