ეროვნული ბანკისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელთა შეხვედრა
განხორცილებული საკანონმდებლო ცვლილებების მიმდინარეობას გაეცნო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზენდეტი კობა გვენეტაძე უძღვებოდა.
ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად განისაზღვრა ეროვნული ბანკის უფლებამოსილება საბანკო ჯგუფების საქმიანობის ზედამხედველობის კუთხით, რომლის უმთავრეს მიზანს საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი ბანკების ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა წარმოადგენს. ვინაიდან კომერციული ბანკის სხვა ფინანსური ჯგუფის წევრობის შემთხვევაში ტრადიციულ საბანკო რისკებთან ერთად არსებობს ჯგუფიდან მომდინარე რისკებიც, აუცილებლია აღნიშნულ რისკებზე საპასუხოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნდეს სათანადო საზედამხედველო ინსტრუმენტები. შესაბამისად, ბანკის ინდივიდუალურ ზედამხედველობასთან ერთად, საბანკო ჯგუფი უკვე ექვემდებარება კონსოლიდირებულ ზედამხედველობას.
ეროვნული ბანკის მენეჯმენტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორმხრივი კომუნიკაციის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი დაათვალიერებინა.